ბოლგარსკის სახლი-აგარაკი
ბოლგარსკის სახლი-აგარაკი — არქიტექტურული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გარიყულაში. მდებარეობს ეკატერინე გაბაშვილის ქუჩაზე. აგებულია XIX საუკუნის 90-იან წლებში. ეკუთვნოდათ პოლონური წარმოშობის თავად ბოლგარსკებს.
სასახლე ნაგებია აგურითა და რიყის ქვით. სახლის სამხრეთ-აღმოსავლეთით ერთსართულიანი სამეურნეო ნაგებობებია. შესასვლელი მთავარ, ჩრდილოეთ ფასადის აივნიდან აქვს. თავდაპირველი ასიმეტრიული ფასადის აღმოსავლეთ კედელში წინ გამოწეულია ფანჩატურით დასრულებული კიბის უჭრედის კოშკური მოცულობა, რომელსაც დასავლეთიდან ორსართულიანი, ღიააივნიანი შენობა ეკვრის. ჰოლი პილასტრებზე დაყრდნობილი თაღით ორ ნაწილად იყოფა, აღმოსავლეთ ნაწილში ზედა სართულზე ასასვლელი ოთხმარშიანი კიბეა. გეგმით ორივე სართული ერთნაირია. შენობის წაგრძელებული ორსართულიანი ნაწილი გადახურულია კრამიტით. დასავლეთ მხარეს დიდი დარბაზისა და აივნის ქვემოთ სარდაფია.
შენობის კუთხეები და სარდაფის ფასადი მთლიანად რუსტებითაა გაფორმებული. ფასადებიდან აღსანიშნავია ჩრდილოეთისა, რომელზეც გვხვდება კიბის უჯრედის წინ წამოწეული კოშკური კიბე-აივანი, კარვისებური სახურავით დასრულებული ფანჩატური, აივნების ხის რიკულებიანი მოაჯირი. XX საუკუნეში შენობას აღმოსავლეთიდანგეგმით დაგრძელებული არქიტექტურულად უმნიშვნელო ორსართულიანი სახლი მიაშენეს. სახლის სამხრეთ-აღმოსავლეთით ერთსართულიანი სამეურნეო ნაგებობებია.
შენობას, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, კულტურის ძეგლის სტატუსი ჰქონია მინიჭებული, თუმცა, მოუვლელობის გამო სავალალო მდგომარეობაში ჩავარდა. „შიდა ქართლის კულტურული მემკვიდრეობის აღორძინებისა და განვითარების ფონდის“ ინიციატივით მოხდა ძეგლის აღდგენა[1].
სასახლეს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[2].
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 143-144.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ პოლონელი დიდგვაროვნების ქართული სასახლის ახალი ისტორია
- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-04. ციტირების თარიღი: 2019-07-02.