ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბოთლიხელები (რუს. [буйхади]) — დაღესტნის ერთ-ერთი მცირერიცხოვანი ხალხია [1][2][3],. მათი თვითსახელწოდებაა ბუახადი (მრავლობითი), ბუიხალი (მხოლობითი). ცხოვრობენ დასავლეთ დაღესტანში, ბოთლიხის რაიონის სამხრეთ ნაწილში.

აღსანიშნავია, რომ ბოთლიხელები ანდიელ ხალხთა ჯგუფის წარმომადგენლები არიან. ისინი ლაპარაკობენ ბოთლიხურ ენაზე. ბოთლიხელებში გავრცელებულია აგრეთვე ხუნძური, რუსული და ჩაჩნური ენები. ბოთლიხელები წარსულში იყენებდნენ ასევე ხუნძური ენის აჯამურ დამწერლობას. ანთროპოლოგიურად ბოთლიხელები დიდი ევროპეიდული რასის კავკასიონურ ტიპს მიეკუთვნებიან. ბოთლიხელთა ეთნოგენეზის საკითხი გაურკვეველია.

დღესაც, ბოთლიხში შემონახულია ტერასები, რაც მიწათმოქმედების მაღალ კულტურასა და ინტენსიურობაზე მიუთითებს. ვ. ვავი ლოვიც აღნიშნავდა ბოთლიხის გასაოცარი მრავალიარუსიანი ტერასების შესახებ. სწორედ მისი თქმით ისინი დიდი ამფითეატრების შთაბეჭდილებას სტოვებდნენ. აქ ბაღი, ბოსტანი და სახვნელი ერთ მთლიანობას წარმოადგენდა. მეურნეობაში წამყვანი მებაღეობა იყო. ბოთლიხში ვაზის ცხრა ჯიში ჰქონდათ გამოყვანილი. მეურნეობის ტრადიციული დარგი იყო მეცხოველეობაც, რომელსაც ძირითადად დამხმარე როლი ჰქონდა. ამის მთავარი მიზეზი საძოვრების არარსებობა და მცირემიწიანობა იყო.

ბოთლიხში, ამ ხელსაყრელმა ბუნებრივმა პირობებმა მეფუტკრეობის განვითარების შესაძლებლობა შექმნა. ბოთლიხელები, ისევე როგორც სხვა მთაში მცხოვრები ყველა ეთნოსი, აღსანიშნავია, რომ კუსტარულ რეწვას მისდევდნენ. ბოთლიხში, ასევე გავრცელებული იყო მაღალ დონეზე ქსოვა, საფეიქრო საქმე, ნაბდების დამზადება, ფაფახებისა და ფეხსაცმლის კერვაც. ბოთლიხელთა ეკონომიკურ ცხოვრებაში ვაჭრობას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. მებაღეობის პროდუქტებითA და ხელოსნობის ნაწარმით ბოთლიხის ბაზარში ვაჭრობდნენ, რომელიც დასავლეთ დაღესტანის მსხვილი სავაჭრო ცენტრი იყო, სადაც სავაჭროდ არა მარტო დაღესტნის, არამედ ჩაჩნეთის მცხოვრებნიც იყრიდნენ თავს.

XIX საუკუნის 40-იან წლებში ცარიზმის სარდლობამ ამ მხარის მკვიდრთ საბოლოოდ აუკრძალა საქართველოსთან და დაღესტნის ბართან კავშირი. ასეთ ვითარებაში ბოთლიხელები ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის აქტიური მონაწილეები გახდნენ, რომლესაც შამილი მეთაურობდა. კავკასიური ომების დამთავრების შემდეგ, ბოთლიხი დასავლეთ დაღესტნის ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრად იქცა.

ბოთლიხელთა თემის ძირითადი სოციალური და სამეურნეო უჯრედი პატარა ოჯახი იყო. სოფელი ბოთლიხი დასავლეთ დაღესტნის ერთ-ერთი კულტურული ცენტრი იყო. თანამედროვე ბოთლიხში მოსახლეობა შერეულია. აქ ბოთლიხელების გარდა ასევე ცხოვრობენ: ხუნძები, კარატაელები, ანდიელები, თათრები, ყუმუხები, რუსები და სხვ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. М. М. Ихилов. Народности лезгинской группы: этнографическое исследование прошлого и настоящего лезгин, табасаранцев, рутулов, цахуров, агулов / Дагестанский филиал АН СССР, Институт истории, языка и литературы им Г. Цадасы. — Мх., 1967. — С. 330.
  2. Северный Кавказ. Академия Наук СССР. Институт географии. 1957, — С. 507.
  3. Всероссийская перепись населения 2010 г. Национальный состав населения Российской Федерации. «Демоскоп».
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბოთლიხელები“-დან