ბოზუკ-კალე
ბოზუკ-კალე (თურქ. Bozukkale) — ციხესიმაგრე თურქეთში, რიზეს აღმოსავლეთით, 3 კმ-ში, სოფელ გიუნდოღდუში. სხვა საზღვაო საფორტიფიკაციო ნაგებობების მსგავსად, ესაა ტრაპეზიუმი, ჩრდილოეთისკენ გაწეული მასიური საძირკვლით, რომელიც ვიწროვდება სამხრეთისკენ. ჩრდილოეთი მხარე ბუნებრივად დაცულია და აქ, შესაძლებელია, ხის კედლები ყოფილიყო, სამხრეთი კედელი კი კლდის ყელს იცავს. დასავლეთის კედლის ნაშთები აღარ იკითხება, ხოლო აღმოსავლეთის მხოლოდ 50 მ-ია გადარჩენილი. სავარაუდოდ, ეს საგუშაგო კოშკია, რომლის ზომაც ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ 50 მ-ია, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთით 10 მ.
ციხე ცენტრალური გზის ზემოთ მაღალ ბორცვზე ყოფილა დაშენებული. ძეგლამდე ცენტრალური ტრასიდან სოფლის გზაც შედის. დაახლოებით 100 მეტრში გზა მარჯვნივ უხვევს და იწყება აღმართები. პირველივე მოსახვევში, იქ, სადაც ერთ-ერთი აქაური მკვიდრის სახლია აშენებული, ზღვისპირეთისაკენ წინწაზიდული ბორცვია. სწორედ თავის დროზე ციხეც ამ ბორცვზე ყოფილა აგებული. მშენებლებს ციხისათვის შესანიშნავი ადგილი შეურჩევიათ. აქედან შესანიშნავად მოჩანს როგორც ზღვა, ისე მთელი შემოგარენი. ციხესიმაგრე ამჟამად თითქმის საძირკვლის დონემდეა დანგრეული. მისი დიდი ნაწილი აქ გზის გაყვანისა თუ სახლის მშენებლობის დროს გაუნადგურებიათ. დარჩენილი ტერიტორიის დიდი ნაწილიც აქვე მცხოვრებ პიროვნებას მოუსუფთავებია და საბოსტნედ გამოუყენებია. საძირკვლის ნაშთები შემორჩენილია მხოლოდ ბორცვის ჩრდილო-დასავლეთითა და აღმოსავლეთით. ციხის გეგმაზე, მშენებლობის ტექნიკაზე და თარიღზე საუბარი ჭირს. არაა გამორიცხული, ეს ძეგლი რიზეს ციხის ფორტპოსტი ყოფილიყო, ვინაიდან ჰინტერლანდისკენ აქედან არანაირი მნიშვნელოვანი გზა არ გადის.
ლიტერატურა
რედაქტირება- ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 37 ISBN 978-9941-0-6458-6