ბლანშ ფრანგი (1282-1305)
ბლანშ ფრანგი (ფრანგ. Blanche de France; დ. 1282, პარიზი, საფრანგეთი — გ. 1 მარტი, 1305, ვენა, ავსტრია) — კაპეტინგების დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ფილიპ III-ისა და დედოფალ მარია ბრაბანტელის ასული. ავსტრიის ჰერცოგ რუდოლფ III-ის ცოლი 1300-1305 წლებში.
ბლანშ ფრანგი | |
---|---|
ავსტრიის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 25 მაისი, 1300 |
მმართ. დასასრული: | 1 მარტი, 1305 |
წინამორბედი: | ელიზაბეთ კარინტიელი |
მემკვიდრე: | ელიზაბეტა რიჩეზა პოლონელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1282 |
დაბ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 1 მარტი, 1305, (22-23 წლის) |
გარდ. ადგილი: | ვენა, ავსტრია |
მეუღლე: | რუდოლფ III, ავსტრიის ჰერცოგი |
დინასტია: | კაპეტინგები |
მამა: | ფილიპ III, საფრანგეთის მეფე |
დედა: | მარია ბრაბანტელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული ცხოვრება
რედაქტირებაბლანში დაიბადა 1282 წელს პარიზში. იგი იყო საფრანგეთის მეფე ფილიპ III-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ მარია ბრაბანტელის ქალიშვილი. მისი ღვიძლი და-ძმანი იყვნენ ევრეს ჰერცოგი ლუი და ინგლისის დედოფალი მარგარიტა, თუმცა მამის მხრიდან მას ასევე ჰყავდა ორი ნახევარ-ძმა საფრანგეთის მეფე ფილიპ IV-ისა და ვალუას გრაფ შარლის სახით.
ნიშნობები
რედაქტირებაგათხოვებამდე პრინცესა ბლანში ოთხჯერ იყო დანიშნული. პირველად იგი 1290 წლის სექტემბერში დანიშნეს ნემურის ჰერცოგ ჟან I-ზე. ამის შემდეგ, 1291 წლის 31 ივლისს იგი დაინიშნა უელსის პრინც ედუარდ პლანტაგენეტზე (შემდეგში ინგლისის მეფე ედუარდ II), თუმცა საბოლოოდ მან ბლანშის ძმისწულ იზაბელაზე იქორწინა.
მისი მესამე ნიშნობა 1293 წელს შედგა. ამჯერად იგი თავისი მეორე საქმროს, პრინცი ედუარდის მამაზე, ინგლისის მეფე ედუარდ I-ზე დანიშნეს, რომლის ცოლი, დედოფალი ლეონორ კასტილიელი ამ ამბამდე სამი წლით ადრე დაიღუპა მშობიარობისას. ეს ქორწინება ორივე მხარეს ხელს აძლევდა, რამეთუ ორ ქვეყანას შორის მშვიდობა დამყარდებოდა და ბლანშის ძმა, მეფე ფილიპ IV ამის სანაცვლოდ იღებდა გასკონიას.
გარკვეული მიზეზების გამო ედუარდ I-ისა და ბლანშის ნიშნობა ჩაიშალა. ინგლისელებმა ამის მიზეზად ის გამოაცხადეს, რომ იგი აქამდე უკვე იყო სხვაზე დანიშნული, თუმცა ინგლის-საფრანგეთის კავშირის შესანარჩუნებლად ფილიპ IV-მ მეფე ედუარდს ცოლად თავისი მეორე და, მარგარიტა შერთო. ამ გარემოებების გათვალისწინებით, 1296 წელს იგი რიგით მეოთხედ დაინიშნა პრინც იოჰანზე, ჰოლანდიის გრაფ იოჰან II-ის ძეზე.
ქორწინება და გარდაცვალება
რედაქტირებაბლანშისა და ჰოლანდიის პრინცის ნიშნობის პარალელურად, 1295 წელს კაპეტინგებთან დაახლოვების მიზნით გერმანიის მეფე ალბრეხტ I-მა მეფე ფილიპთან მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შედეგად ფრანგებმა გააუქმეს ბლანშისა და ჰოლანდიის პრინცის ნიშნობა და 1300 წლის 25 მაისს იგი ალბრეხტის უფროს ძეზე, ავსტრიის ჰერცოგ რუდოლფ III-ზე დააქორწინეს. იგი ავსტრიაში ქმართან ერთად იმავე წლის შობამდე ჩავიდა. ვენის სამეფო კარი მოიხიბლა ფრანგი პრინცესის „ნიჭიერებით“, თუმცა ასევე აღშფოთდა მისი პომპეზურობისა და ფუფუნებისადმი დიდი სიყვარულის გამო. ჰერცოგინია ბლანში მეუღლესთან ერთად მოგზაურობდა შტირიაში, სადაც იგი აქტიურად უჭერდა მხარს ჰაბსბურგთა პრეტენზიას ამ მხარეზე.
1304 წელს ბლანშმა რუდოლფისგან მკვდარი გოგონა გააჩინა, რასაც მალევე მოჰყვა ვაჟის გაჩენა, რომელიც 1306 წელს, სავარაუდოდ, მოწამლეს. თავად ბლანში 1305 წლის 1 მარტს გარდაიცვალა მუცლის მოშლის შედეგად გამოწვეული გართულებებით ვენაში, 22 ან 23 წლის ასაკში.
მისი გარდაცვალებისთანავე რუდოლფი მეორედ დაქორწინდა პოლონეთის პრინცესა ელიზაბეტა რიჩეზაზე, თუმცა შვილები არ ჰყოლია.
ლიტერატურა
რედაქტირება- Morrison, Elizabeth; Hedeman, Anne Dawson, eds. (2010). Imagining the Past in France: History in Manuscript Painting, 1250-1500. J. Paul Getty Museum.