ბიჭვინთის განძი
ბიჭვინთის განძი, წარმოადგენს:
- ძვ. წ. XV—XIV საუკუნეების ბრინჯაოს ცულების განძი, აღმოჩენილი 1935 წელს ბიჭვინთის მახლობლად სოფელ ლიძავაში. შეიცავს ორი სახეობის კოლხურ ცულებს, აგრეთვე ადრეული ტიპის ბრინჯაოს ცულს, რომელიც კოლხური ცულის პროტორიპადაა მიჩნეული. დაცულია აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმში.
- ანტიკური დროის მონეტების განძი, აღმოჩენილი ბიჭვინთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ 1958 წელს. შეიცავს II—III საუკუნეების რომის იმპერატორების სახელით მოჭრილ 149 მონეტას, რომელთაგან 10 კესარიული დრაქმა და დიდრაქმაა. 139 კი — ტრაპეზუნტის სპილენძის საქალაქო მონეტა. ბიჭვინთის განძის ყველაზე ადრეული მონეტა მოჭრილია ადრიანეს (117—138) სახელით. უგვიანესი — ფილიპე უმცროსის სახელით (247—249). ბიჭვინთის განძის დაფლვა უკავშირდება გუთების თავდასხმას (256) ბიჭვინთაზე. მონეტები წარმოდგენას გვიქმნიან იმ ღვთაებათა შესახებ, რომელთაც თაყვანს სცემდა ტრაპეზუნტის მოსახლეობა. მონეტების შუბლზე გამოსახულია რომის იმპერატორის პორტრეტი, ზურგზე — რომელიმე ღვთაება (ტიქე, დიონისე, სერაპისი, ჰადესი, ასკლეპიოსი, აპოლონი, აბულანცია, რეა-კიბელე, ჰერაკლე), მონეტების უმრავლესობაზე კი — ადგილობრივი ღვთაება, რომელმაც გააერთიანა მითრასა და კაპადოკიური მთვარის ღვთაების მენის ფუნქციები. მონეტებზე ჩანს ღვთაება მითრას იკონოგრაფიული ცვლილებები II—III საუკუნეების მანძილზე. ეს ღვთაება ადგილობრივ ნიადაგზე უნდა იყოს წარმოქმნილი. ტრაპეზუნტის მფარველ ამ ღვთაებასა და ქართველურ სამყაროში გავრცელებულ მთვარის ღვთაებას შორის გარკვეული მსგავსება ჩანს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საცავებში დაცული ტრაპეზუნტის 315 მონეტიდან 229 აღმოჩნდა ბიჭვინთასა და სოხუმში.
- IV საუკუნის სპილენძის მონეტების განძი, აღმოჩენილი ბიჭვინთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (1962). შეიცავს ალექსანდრიაში, ანტიოქიაში, კონსტანტინოპოლში, ნიკომედიასა და კიზიკოსში მოჭრილ 310 მონეტას. ყველაზე ადრეული მონეტა მოჭრილია რომის იმპერატორ კონსტანტინე I-ის (306—337) სახელით, უგვიანესი — კონსტანციუს II-ის (337—361) სახელით. ბიჭვინთის განძი მიუთითებს ბიჭვინთის ფართო სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე IV საუკუნეში. დაფლული უნდა იყოს IV საუკუნის 60—70-იან წლებში სამხედრო საშიშროების გამო.
ლიტერატურა
რედაქტირება- რამიშვილი ა., დუნდუა გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 423.