ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბილინგვიზმი სოციოლინგვისტიკაში (ორენოვნება, ლათ. bi — „ორი“, lingua — „ენა“) — ორი ენის მონაცვლეობითი გამოყენება ინდივიდის ან თემის მიერ.

ტერმინ ბილინგვიზმს ხშირად სხვადასხვა მკვლევარი სხვადასხვანაირად განმარტავს. მაგალითად, მაკნამარას (1967) მიხედვით, ბილინგვად შეგვიძლია მოვიაზროთ ადამიანი, რომელიც ფლობს მეორე ენის თუნდაც მხოლოდ ერთ-ერთ უნარს (წერა, კითხვა, მოსმენა ან ლაპარაკი) მინიმალურ დონეზე. მეორე მხრივ, არიან ავტორები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ბილინგვიზმი მხოლოდ ორი ენის სრულფასოვნად ფლობაა, სადაც ამ ორ ენას შორის ლინგვისტური პროცესების აღრევა არ ხდება. (ოისტრაიხერი, 1974) ბილინგვიზმია, როცა ინდივიდი ფლობს მეორე ენას მშობლიური ენის დონეზე (ბლუმფილდი, 1933). ნაწილი მეცნიერებისა კი აქცენტს აკეთებს მოსმენისა და ლაპარაკის უნარზე. (ჰაუგენი, 1953, პოლი 1965, ვაინრაიხი, 1953).

ადრეული და გვიანი ბილინგვიზმი

რედაქტირება

მეცნიერები გამოყოფენ ადრეულ და გვიან ბილინგვიზმს. ადრეული თავის მხრივ იყოფა ორ სხვადასხვა სახედ. პირველი გულისხმობს ბავშვის მიერ ორი ენის თანადროულად დაუფლებას დაბადებისთანავე. ასეთ შემთხვევაში ბავშვის ენობრივი განვითარება პარალელურად მიმდინარეობს. ბავშვი ერთდროულად ეზიარება ორივე ენის კულტურას, საზოგადოებრივ განსხვავებებს, მსგავსებებს და ა.შ მეორე კი არის ორი ენის შესწავლა ასევე ადრეულ ასაკში, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ბავშვს უკვე ათვისებული აქვს პირველი ენა ნაწილობრივ და ამის შემდეგ იწყებს მეორე ენის დაუფლებას. გვიანი ბილინგვიზმი ნიშნავს მეორე ენის შესწავლას 6-7 წლის ასაკის შემდეგ, როდესაც ბავშვი უკვე დაუფლებულია პირველ ენას. ეს განასხვავებს გვიან ბილინგვიზმს ადრეულისგან. ასევე, ახალი ენის შესწავლის შემთხვევაში, ბავშვი იწყებს უკვე შესწავლილი ენის გამოცდილების გამოყენებას.

ბილინგვი

რედაქტირება

ბილინგვი - ადამიანია, რომელიც ძირითადად, კომუნიკაციის საშუალებად თავისუფლად იყენებს ორ ენას და საჭირეობის შემთხვევაში შეუძლია ერთიდან მეორე ენაზე გადართვა. მას თავის ენობრივ და სოციალურ გარემოში ესმის და აგებინებს ყველაფერს, შეისწავლის ორ ენას სხვადასხვა ასაკსა და სოციუმში. აღსანიშნავია ისიც, რომ მოზარდობის ხანის შემდეგ, მეორე ენის შესწავლა მეტ სირთულესთანაა დაკავშირებული. შედარებით მარტივია მისი შესწავლა სენსიტიურ პერიოდში, ანუ პირველივე წლებიდან. სწორედ გამოცდილება განსაზღვრავს თუ რომელ ენაში იქნება ბავშვი უფრო თავისუფლად მოსაუბრე. ბილინგვი იყოფა სამ სხვადასხვა ტიპად: შედგენილი ბილინგვი (compound bilingual) - ადამიანი, ვინც ორ ენას ერთსა და იმავე გარემოში სწავლობს და შეუძლია ერთი და იგივე ცნების ორივე ენაზე თანაბრად კარგად გადმოცემა. კოორდინირებული ბილინგვი (coordinate bilingual) - ვინც ორ ენას სხვადასხვა კონტექსტში (მაგალითად, სახლი და სკოლა) იძენს , საიდანაც ერთ-ერთი არის დომინანტი. დაქვემდებარებული ბილინგვი (subordinate bilingual) - ადამიანი, რომლის მეტყველებაში მეორე ენა წარმოდგენილია პირველის დახმარებით. ამ შემთხვევაში, მშობლიური ენაა დომინანტი.

დაბალანსებული ბილინგვები

რედაქტირება

ბილინგვების უმეტესობა იყენებს ერთ ენას სამსახურში, ხოლო მეორე ენას სახლში ან თემის წევრებთან კომუნიკაციისას. ბალანსი შესაძლებელია არსებობდეს იმ დროსაც, როცა ინდივიდს ორივე ენაში თანაბრად დაბალი ენობრივი კომპეტენცია გააჩნია. თუმცა, დაბალანსებული ბილინგვიზმი ყოველთვის ასოცირდება ორი ენის კარგად ფლობასთან. ბავშვი, რომელსაც შეუძლია სწავლა ორ ენაზე, აღიქმება, როგორც დაბალანსებული ბილინგვი. დაბალანსებული ბილინგვიზმის ცნება განავითარეს კუკმა (1992, 2002) და გროსიენმა (1994, 2001) და შემოიტანეს ბილინგვიზმის მონოლინგვური და ერთიანი ხედვების ცნებები. ბილინგვიზმის მონოლინგვური ხედვა ბილინგვს განიხილავს, როგორც ორ მონოლინგვალს, რომელიც ერთიანდება ერთ ინდივიდში, ხოლო ბილინგვიზმის ერთიანი ხედვა, ამტკიცებს, რომ ბილინგვი არის ინდივიდი, რომელსაც გააჩნია ერთი უნიკალური ლინგვისტური პროფილი.

ბილინგვიზმის გამომწვევი მიზეზები

რედაქტირება

ბილინგვიზმის გამომწვევი ოთხი მიზეზი არსებობს, რომელთაგანაც პირველი არის — არჩევანი. ბილინგვად ჩამოყალიბება შეიძლება განაპირობოს ენის მიმართ ინტერესმა. რადგანაც არჩევანი მოტივირებულია, ამ არჩევანის უპირატესობა კოგნიტურ უნარებს განავითარებს. ბილინგვიზმი ასევე აფერხებს კოგნიტურ დაავადებებს, როგორიცაა ალცჰაიმერი და აფაზია. ბილინგვიზმის უარყოფით მხარედ შესაძლებელია მივიჩნიოთ რეცეპციული ბილინგვიზმი, რაც გულისხმობს ორი ენის გაგებას, მაგრამ მხოლოდ ერთზე საუბარს. ბილინგვიზმი შეიძლება ჩაითვალოს უპირატესობად დასაქმების თვალსაზრისით. მეორე მიზეზია ადგილმდებარეობა. გეოგრაფია დიდ როლს ასრულებს ადამიანის ბილინგვად ჩამოყალიბებაში, რადგან შესაძლებელია ის იძულებით გახდეს ბილინგვი. მსოფლიოს მრავალ რეგიონში ცხოვრობს რამდენიმე მცირე ჯგუფი, რომლებიც ლაპარაკობენ სხვადასხვა ენაზე და იმისთვის, რომ აქტიურად ჩაერთონ ყოველდღიურ საქმიანობაში, მათ ხშირად უწევთ მეორე ან მესამე ენის სწავლა. ეს ფაქტორები განაპირობებს კულტურულ მრავალფეროვნებას. მესამე მიზეზი, რაც იწვევს ბილინგვიზმს არის მიგრაცია. ცხადია, როდესაც ხალხი საცხოვრებლად სხვაგან მიემგზავრება, მათ უწევთ ისწავლონ იმ ქვეყნის ენა, სადაც საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებენ. ყველაზე მეტად გავრცელებული მიზეზიც სწორედ მიგრაციაა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არ ფლობს სრულყოფილად მეორე ენას, ისინი ახერხებენ კომუნიკაციას და კვლავ აქტიურად იყენებენ მშობლიურ ენას ოჯახში. მეოთხე არის რელიგიური მიზეზები. ზოგიერთი რელიგიის წარმომადგენელი, მიიჩნევს რომ მათი ენა არის „საღვთო ენა“. ზოგი მიესალმება ბილინგვიზმს მათი რელიგიის გავრცელების გამო.

აქტიური და პასიური ბილინგვიზმი

რედაქტირება

ზოგიერთი ადამიანი სრულყოფილად ფლობს ორ ენას, მაგრამ სხვადასხვა სიტუაციაში უპირატესობას ანიჭებს ერთ-ერთ მათგანს. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს შეუძლია ერთ ენაზე სრულყოფილი კომუნიკაცია, ხოლო მეორე ენაზე ნაწილობრივ. მაგალითად, ესმის, მაგრამ ვერ ლაპარაკობს. ამ კუთხით განასხვავებენ აქტიურ და პასიურ ბილინგვიზმს. აქტიური ბილინგვიზმი გულისხმობს ადამიანის უნარს წარმატებულად გამოიყენოს ენის ოთხი ძირითადი კომპონენტი — მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა და წერა. ხშირად კომპეტენციის დონე განსხვავდება ერთმანეთისგან თითოეულ უნარში, რასაც ფუნქციურ ბილინგვიზმს უწოდებენ. პასიურია ბილინგვიზმი როდესაც ადამიანს ბავშვობიდან აქვს მეორე ენის საკმარისი ცოდნა, ჩამოყალიბებული აქვს საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები, მაგრამ არ აქვს საკმარისი კომპეტენცია.

კოდის ცვლა

რედაქტირება

ენის ტრანსფერია, როცა ბილინგვს გადააქვს ერთი ენის გრამატიკა , წესები თუ სტრუქტურა მეორეში. ენის ტრანსფერი წყდება მაშინ როცა ენას უკეთ ეცნობა ბილინგვი. კოდის ცვლა (code switching) არის ერთდროულად ორ ენაზე, ან იმავე ენის ორი დიალექტისა თუ რეგისტრის ცვლა. კოდის ცვლა ბევრად უფრო ხშირად ხდება საუბარისას, ვიდრე წერილობით ფორმატში. მას კოდის შერევას (code-mixing) და სტილის შეცვლასაც (style-shifting) უწოდებენ. დაბალანსებული ბილინგვები ძალიან იშვიათად არღვევენ ორივე ენის გამოყენების წესებს კოდის ცვლის დროს. კოდის ცვლა არ ნიშნავს იმას, რომ ბილინგუალს აქვს ენობრივი შეფერხება ან არ შეუძლია ორივე ენის განცალკევება. მათი მთავარი მიზანია კომუნიკაციის ხელშეწყობა. კოდის შერევის გამოყენების მიზეზები:

  • რომელიმე ენაზე ტერმინის დავიწყება;
  • სამიზნე ენას შეიძლება არ ჰქონდეს მსგავსი ტერმინი;
  • სიტყვა შესაძლებელია ორივე ენაში მსგავსი იყოს და აუცილებელი გახდეს მისი ჩანაცვლება;
  • ენის შერევა კომუნიკაციისას ემოციის გამოსახატავად;

ბილინგვიზმის გავლენა ადამიანის აზროვნებაზე

რედაქტირება

ხშირად ჩნდება კითხვა, უშლის თუ არა ხელს ორი ენის ერთდროულად დაუფლება ბავშვის კოგნიტურ განვითარებას. დღეს მკვლევართა უმრავლესობა თვლის, რომ ორი ენის ერთდროულად დაუფლება კარგია, როგორც ლინგვისტური თვალსაზრისით, ასევე, კოგნიტური განვითარებისთვისაც. ენის დაუფლების საწყის სტადიაზე, ბილინგვი ბავშვები უფრო ნაკლებ კოგნიტურ შესაძლებლობებს ავლენენ, ვიდრე ერთ ენაზე მოსაუბრე ბავშვები. თუმცა, ორივე ენის სრულად დაუფლების შემდეგ, მათ უკეთესი მაჩვენებელი აქვთ, როგორც ლინგვისტური, ასევე კოგნიტური თვალსაზრისით. გარდა ამისა, ბილინგვებს უკეთ აქვთ განვითარებული მეტალინგვისტური აღქმა. მათ უკეთ იციან გრამატიკული წესები და კონსტრუქციები. ბილინგვებს გააჩნიათ უკეთესი ანალიტიკური აზროვნება ენებთან მიმართებაში, ენისა და აღქმის უკეთესი სტრუქტურა და უკუკავშირზე სწორად რეაგირების უნარი. იანკო-უორალმა (1972) სამხრეთ აფრიკაში ჩატარებულ კვლევაში დაადგინა, რომ ბილინგვ ბავშვებს უკეთესად შეუძლიათ სიტყვების სემანტიკური მნიშვნელობის დადგენა და მათი გამოყენება მონოლინგვალ ბავშვებთან შედარებით (1972). ასევე, ბილინგვები უფრო მგრძნობიარენი არიან ინტერპერსონალური უკუკავშირის მიმართ და უფრო ადვილად შეუძლიათ გადაერთონ სხვადასხვა საკომუნიკაციო ტიპის დავალებების შესრულებისას. გარდა ამისა, კულტურულ უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს კულტურის გაცნობა, რაც ხელს უწყობს ადამიანის ტოლერანტად ჩამოყალიბებას. სხვადასხვა ენაში არსებული სიტყვებისა და თავისებური გამოთქმების დაუფლების საფუძველზე, იგი ხდება სხვა კულტურის ნაწილი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კოლინ ბეიკერი, ბილინგვიზმი და ბილინგვური განათლების საფუძვლები (2006), სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ქართული თარგმანი; 2010, თავი 2. კუმინსი და სვეინი, 1986 – კუმინსი, ჯიმდა სვეინი, მერილ, ბილინგვიზმი განათლებაში, კ.ნ. კენდინის საერთო რედაქციით, შალვა ტაბატაძის თარგმანი, ქართული ვერსიის რედაქტორი კახა გაბუნია, სამოქალაქო ინეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრი, თბილისი, 2016.
  • Spolsky,Bernard. 1998. Sociolinguistics. Bilingualism.
  • Encyclopedia Britannica. 2020. Bilingualism. online Available at <https://www.britannica.com/topic/bilingualism> 2 December 2020.
  • 2020. Kvccdocs.Com. http://www.kvccdocs.com/KVCC/2016-Spring/ECE133/Resources/Dual_Language_Learners%20in%20Early%20Care%20and%20Education%20Settings.pdf.
  • „The Bilingual Brain | Institute For Learning And Brain Sciences (I-LABS)“. 2020. Institute For Learning And Brain Sciences (I-LABS). https://modules.ilabs.uw.edu/module/bilingual-language-development/the-bilingual-brain/.
  • Hoff, E., Core, C., Place, S., Rumiche, R., Senor, M., & Parra, M. (2012). Dual language exposure and early bilingual development. Journal of Child Language, 39, 1-27. Aba, Oussama 2020 Bilingualism: Causes, advantages, and disadvantages.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბილინგვიზმი“-დან