ბესლეთის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოხუმის მუნიციპალიტეტის სოფელ ბესლეთში. ეკლესია აგებულია განვითარებულ შუა საუკუნეებში.

ძეგლი წარმოადგენს საკმაოდ მოზრდილ დარბაზული ტიპის ეკლესიას, რომელსაც ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან მინაშენები ჰქონდა. ძეგლი საკმაოდ წარმოსადეგი უნდა ყოფილიყო. დარბაზის გეგმა წაგრძელებული სწორკუთხედია. გრძივ კედლებში ორ-ორი პილასტრი იყო განლაგებული, რომლებიც მათ სამ-სამ ტოლ ნაწილად ჰყოფდა. ამჟამად პილასტრების ფრაგმენტები ჩრდილო კედელზეა შემორჩენილი. ნახევარწრიული აფსიდის მხრები დარბაზის კედლებს ორსაფეხურიანი მხრებით უერთდება. საკურთხევლის გარე კონტურის ფორმის განსაზღვრა ვერ ხერხდება. სამშენებლო მასალად გამოყენებულია კირქვა, კონსტრუქციულ ნაწილებში შერეულია შირიმის თლილი ქვა.

ამჟამად ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ეკლესიის კედლები მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია და იგი სასწრაფო კონსერვაციას საჭიროებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Воронов Ю. Н., В мире архитектурных памятников Абхазии, М., 1978

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება