ბერშუეთის კოშკი
ბერშუეთის კოშკი – კოშკი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის ცენტრში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
კოშკი ცილინდრულია (დიამეტრი 7,3 მ), სამსართულიანია, ნაგებია რიყის ქვით და კვადრატული აგურით. შენობა დაზიანებულია: ჩანგრეულია პირველი სართულის გადახურვა, მესამე სართულის კედლების უმეტესი ნაწილი; შემორჩენილია კარის მხოლოდ ქვედა მონაკვეთი. პირველი სართული შიგნიდან სწორკუთხაა. მის კედლებში ნიშებია, რომლებშიც გაჭრილია ერთმაგი და ორმაგი თახჩიანი სათოფურები. შემორჩენილი საძელე ფოსოების მიხედვით ირკვევა, რომ ამ სართულს ბრტყელი გადახურვა ჰქონია. სამხრეთ-აღმოსავლეთ კედლის დასავლეთ ნაწილში დატანებულია ზედა სართულზე ასასვლელი კიბე. მეორე სართული წრიულია. კარი სამხრეთ-დასავლეთით აქვს. კარის ორივე მხარეს თითო ორმაგი, ხოლო სამხრეთის კედელში ერთი ერთმაგი თახჩიანი სათოფურია. გადახურვა გუმბათოვანია (ნაწყობია კვადრატული აგურით). კოშკს შემოვლებული აქვს რიყის ბრტყელი ქვის თევზიფხურად ნაწყობი სარტყელი.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.5, თბ., 1990 წ.