ბერდი ზაქარიას ძე ზაუტაშვილი (დ. 6 ნოემბერი, 1932, ქ. ყვარელი) — ქართველი გეოლოგი. გეოლოგიურ-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1988).

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (სპი) ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაციით (1955). 1955–1974 წლებში მუშაობდა სპი-ის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის სექტორში (1967–1974 წლებში იყო განყოფილების გამგე). 2003 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე. 1962 წლიდან პარალელურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2006 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

ზაუტაშვილი ძირითადად იკვლევს საქართველოს სასარგებლო წიაღისეულისა და ქიმიური ელემენტების ჰიდროგეოქიმიის, მინერალური, თერმული, სამრეწველო და მტკნარი წყლების განაწილებისა და ფორმირების საკითხებს, სასმელ-სამკურნალო და ბალნეოლოგიური ჰიდრომინერალური რესურსებს, საქართველოს მიწისქვეშა სამრეწველო წყლებს და მათი გამოყენების პერსპექტივებს, კავკასიისა და საქართველოს ჰიდროგეოლოგიური დარაიონების პრობლემებს. ზაუტაშვილმა თანაავტორებთან ერთად გამოსცა „კავკასიის ჰიდროგეოლოგიური რუკა” (თბილისი, 1997) და „საქართველოს სასმელ-სამკურნალო და ბალნეოლოგიური რესურსების რუკა” (თბილისი, 1997; ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე).

ლიტერატურა

რედაქტირება