ბერგშრუნდი (გერმ. Bergschrund, Berg — მთა და Schrund — ბზარი) — მყინვარის კვების არეში არსებული ნაპრალი.[1][2]

სურათზე მოჩანს ღია ბერგშრუნდი მონ-დოლანის მთაზე, მონბლანის მასივი, ალპები

წარმოიქმნება ფირნის ველის გათხელებული კიდის გასწვრივ, ცირკის ციცაბო ფერდობებთან კონტაქტის ზოლში. ერთმანეთისაგან გამოყოფს ფირნის უძრავ და მოძრავ ნაწილებს. წარმოადგენს მთისძირა ნაპრალს, რომელიც ყალიბდება მყინვარის გარე საზღვარზე. როგორც განივი ან გასწვრივი ნაპრალი გავრცელებულია ხეობის ან ცირკული მყინვარების თავში.[3]

ბერგშრუნდის ქვემოთ ფირნული ყინული გადადის მყინვარის კრისტალურ ყინულში. ბერგშრუნდიდან იწყება ფირნისა და ყინულის დინება, ამიტომ ისინი მუდამ განიცდიან განახლებას როგორც მოძრავი და უძრავი მასის საზღვარი. ზაფხულის თვეებში ბეგშრუნდი ღიაა, სადაც მოჩანს ცირკის კლდოვანი ძირი, რომელიც დილის სინოტივისა და ღამის გაყინვის გამო ინტენსიურად იმსხვრევა.[3]

ბერგშრუნდის სიღრმე რამდენიმე მეტრიდან 150 მ-მდეა, ხოლო სიგანე 1–2-იდან 30 მ-მდე. თუკი მყინვარული ცირკის ფერდობზე არ არის ფირნი, მაშინ მყინვარისგან გამოყოფილი კლდოვანი კალთის ბზარს რანდკლუფტი ან კიდური ეწოდება. ის ბერგშრუნდიდან შეიძლება განვითარდეს თბილის სეზონის ბოლოს, როდესაც კალთაზე ფირნი დნება.[3]

  1. Andrew Goudie. Encyclopedia of Geomorphology, Volume 1. A–I. 2004.
  2. Bergschrund | National Snow and Ice Data Center
  3. 3.0 3.1 3.2 Геологический словарь: в 2-х томах. — М.: Недра. 1978.