ბენარის ნამოსახლარი

ბენარის ნამოსახლარი, ზადენგორა — ნასოფლარი და მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარაში, მდ. ოცხის მარცხენა ნაპირზე.

ტოპონიმი „ზადენგორა“ დაკავშირებულია ღვთაება ზადენთან. ზადენგორაში ქრისტიანული საკულტო ცენტრის არსებობაზე მიუთითებს ლეონტი მროველი (XI ს.). ზადენგორაზე მისულმა ანდრია პირველწოდებულმა: „...იხილნა კაცნი მის ადგილისანი რამეთუ უზორვიდეს კერპთა ყრუთა, და ილოცნა მოციქულმან წმიდისა მის ხატისა მიმართ. და ყოველნი იგი კერპნი დაემხუნეს და შეიმუსრნეს”.

მემატიანის ცნობა დასტურდება არქეოლოგიური ძეგლებით. აღმოჩენილია: ბრინჯაოს ნიღბიანი ხარის ქანდაკება; კარგად გათლილ-დამუშავებული ქვის კვარცხლბეკი, რომელზეც, შესაძლოა ღვთაება ზადენის ქანდაკება იდგა; რიყისა და კლდის ნაფლეთი ქვებით თიხახსნარზე ნაგები დიდი შენობისა და ქვის კიბის ნაშთები, რომლებიც ძლიერი ხანძრის შედეგად განადგურებულა; ქვაყრილით დაფარული წმინდა ცეცხლის ორმო, რომელიც ნაცრითა და ნახშირით იყო სავსე. თიხით შელესილი ორმოს კედლები შემკული იყო გარკვეული ინტერვალით დაშორებული ვერტიკალური ღარებით. მომდევნო, ქრისტიანულ ეპოქაში ზადენგორამ ფუნქცია დაკარგა, თანდათან დაკნინდა და XIX საუკუნის მიწურულამდე არსებობდა როგორც პატარა სოფელი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბიბილური თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
  • Бибилури Т. И., Бенашвили О. А. и др., Работы Заденгорского отряда Месхет-джавахетской экспедиции, კრ.: Полевые археологические исследования в 1984–85 годах, Тб., 1987.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20067