ბახშიბეი მაჩაბელი

ბახშიბეი სულეიმანის ძე მაჩაბელი, ბახში-ბეგი, ბახჩი-ბეგიმესხეთის მუსლიმთა ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი 1917-1921 წლებში, მემამულე (ბეგი), საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი (1919).[1]

ფლობდა მამულებს სოფელ დანიეთში (ახლანდ. ასპინძის მუნიციპალიტეტი). იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახალციხის განყოფილების წევრი (1915 წლიდან). 1910-იან წლებში მსახურობდა ახალციხის რაიონის მირაბად (წყლის გამანაწილებელი მოხელე). 1917 წელს ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის მიერ დანიშნული იყო ქვაბლიანის უბნის კომისრად. 1918-1919 წლებში სერვერ-ბეგ ათაბაგის თანამებრძოლი და მესხეთის მუსლიმ მეამბოხეთა ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. 1919 წლის მარტში სათავეში ჩაუდგა მუსლიმთა იმ ნაწილს, რომელმაც საქართველოს რესპუბლიკასთან შეერთებას დაუჭირა მხარი.[2][1] ამავე წელს შეუერთდა ქართველ მაჰმადიანთა დივიზიონს და მიიღო პოლკოვნიკის წოდება. 1920 წლის მაისში მეთაურობდა ქართული ჯარის იმ ნაწილს, რომელმაც ბრიტანელებთან შეთანხმებით ართვინი დაიკავა.[3] 1920 წლის ოქტომბერში იყო მთავრობის წარმომადგენელი არტაანის ოლქში.[4] 1921 წელს საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა თურქეთში.

  1. 1.0 1.1 მესხია ე., ბრძოლა საქართველოსთვის ერთიანობისთვის 1918-1920. ბათუმი, 2004 — გვ. 32, 113.
  2. Умарова-Гозалишвили Х. Трагедия месхов. — Тбилиси, 2004. — გვ. 58.
  3. 1920 წლის 3 მაისი: ქართული ჯარი ართვინში შევიდა, პროექტი „რესპუბლიკა — 100“. «სივილ ჯორჯია».
  4. ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 4232; წვდომის თარიღი: 2020-05-06.