ბასტი-ბუბუ

(გადამისამართდა გვერდიდან ბასტი ბუბუ)

ბასტი-ბუბუ — ქართული მრავალპროფილური საბავშვო-გასართობი სტუდია. სტუდიის შემადგენლობაში შედის ტელევიზია და სატელევიზიო გადაცემების ჯგუფი, ხელოვნების სკოლები, გასართობი ცენტრები.

ბასტი-ბუბუ ქართული სიტყვაა და ჟრიამულს, ბავშვების აურზაურს ნიშნავს. პირველად გადაცემა ამ სახელწოდებით ეთერში გავიდა 1992 წლის 10 მაისს საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე. თავდაპირველად გადაცემა ყოველთვიური იყო და ნახევარ საათს გრძელდებოდა. მოგვიანებით, 1996 წელს გადაცემამ ფორმატი შეიცვალა და პროგრამა ძილისპირულის ტიპის საღამოს გადაცემა გახდა. გადაცემის მთავარი გმირები თოჯინები — ბასტი და ბუბუ იყვნენ.

1996 წელს ბასტი-ბუბუმ შეცვალა სატელევიზიო ფორმატი და გაკეთდა ძილისპირულის ტიპის ყოველდღიური საღამოს პროგრამა მულტი-პულტი. პარალელურად, საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის დილის პროგრამა „ალიონში“ გადიოდა საბავშვო აერობიკის 5-წუთიანი ჩართვები. მალე ჩართვებს დაერქვა „მაღვიძარა“ და დამოუკიდებელი სახე მიიღო.

1997 წელს ბასტი-ბუბუს კიდევ ერთი პროგრამა დაემატა — მუსიკალურ-შემეცნებითი თამაში „ციმციმებენ ვარსკვლავები“. გადაცემა ეთერში 1999 წლამდე გადიოდა.

1998 წელს ბასტი-ბუბუს პროგრამის მთავარ გმირებს კიდევ რამდენიმე ახალი გმირი დაემატა: ექიმი არდი, ბიზნესმენი შანსო, მზარეული კოკო, ხელოვნებათმცოდნე მელპომენე და დიჯეი გოგა, რომელიც ბავშვებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა. ამავე წელს შეიქმნა ასევე ახალი სატელევიზიო შემეცნებითი მუსიკალური პროგრამა "ქინდერლანდია".

2001 წლიდან ბასტი ბუბუს ფარგლებში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე ყოველ საღამოს გადიოდა საბავშვო ძილისპირული „ბაბილინა“. 2002 წელს მოეწყო ბაბილინას საზაფხულო და საახალწლო კონცერტები, ხოლო 2003 წელს ტელეკომპანია „მზე“-ზე დაიწყო მუსიკალური გადაცემა ბასტი-ბუბუ შოუ.

2007 წელს განახლდა ბასტი-ბუბუს მთავარი გმირების: ბასტის, ბუბუს და დიჯეი გოგას დიზაინი. ასევე გამოჩნდნენ ახალი გმირები — მწვანე კაქტუსი, ფუსფუსა — ხელსაქმის ოსტატი. 2008 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გავიდა ახალ პროექტი სიზმარვიზია, ასევე ბასტი-ბუბუ სტუდია და ბაბილინას საკვირაო სკოლა.

2010 წელს ბასტი-ბუბუმ თანამშრომლობა დაიწყო ტელე იმედთან, რომლის ეთერშიც პირველად გავიდა გადაცემა „თავდაყირა“, ხოლო 2011 წლიდან გადაცემა „ბასტი-ბუბუ“.

2014 წელს მაუწყებლობა დაიწყო „ბასტი-ბუბუს“ ტელევიზიამ — BBB (Basti Bubu Broadcasting), რომელიც HD ფორმატში მაუწყებლობს და მომხმარებელებელს სამი ფორმატის გადაცემებს სთავაზობს, უმცროსი და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება