ბარბარეთის ეკლესია
მცხეთის წმ. ბარბარეს ეკლესია — ეკლესია საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში. დგას მცხეთის ჩრდილო-დასავლეთით, განაპირა გორაკზე, შიომღვიმისკენ მიმავალი სამანქანო გზის მარცხნივ.
სამსაფეხურიან ცოკოლზე შემომდგარი დარბაზული (8,15 X 4,45 მ) ეკლესია რამდენიმე წლის წინ აღუდგენიათ. ნაგებობა არ არის გადატვირთული საფასადე მორთულობით და გამოირჩევა კარგად დამუშავებული ქვიშაქვის კვადრების წყობითა და დახვეწილი პროპორციებით. კარგად თლილი ქვებით იყო ნაწყობი ინტერიერის კედლებიც. ერთადერთი არქიტრავული შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. მყუდრო დარბაზი, რომელიც ნათთება ვიწრო სარკმლებით, აღმოსავლეთისკენ სრულდება საკურთხევლის ნახევარწრიული აბსიდით, რომელშიც იატაკიდან დაწყებული მაღალი თაღოვანი ნახევარწრიული ნიშებია მოწყობილი. ამგვარი არქიტექტურულ-გეგმარებითი ელემენტი, ინტერიერის თლილი ქვით მოპირკეთებასთან ერთად ეკლესიის თარიღს X-XI სს-ის მიჯნით შემოფარგლავს. დასავლეთ ფასადზე სარკმლის ზემოთ ჰქონდა ორსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა რომელზეც გაირჩევა მხოლოდ სახელი სტეფანე. ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით, ერთ-ერთი მოსახლის ეზოში აღმოჩნდა ალიზის აგურით ნაგები ადრექრისტიანული ხანის სასიმაგრო კედლის ნაშთები.
ფოტოგალერეა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 242.
- ბოხოჩაძე ა., 1975: მასალები დაბა მცხეთის არქეოლოგიური რუკისათვის, „ძეგლის მეგობარი“, 39, გვ.37.
- ბულია მ., ჯანჯალია მ., ხოშტარია დ., 2006: საქართველოს ძველი ქალაქები, მცხეთა, თბილისი, გვ. 91.
- Шмерлинг Р., Долидзе В., Барнавели Г., 1960: Окрестности Тбилиси, Тбилиси, ст. 23.