ბაკურის კოშკი
ბაკურის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის დასავლეთ ნაწილში, ე. წ. ზემო უბანში, ჩალაუბნისხევის პირას. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
კოშკი გეგმით სწორკუთხაა, ზემოთ კი თანდათან ვიწროვდება. აგებულია საშუალო ზომის რიყის ქვით. დაზიანებულია: შემორჩენილია სამი სართული და IV სართულის მცირე ნაწილი, კედლები სიმაღლეზე დაბზარულია, სართულშუა ხის გადახურვა მთლიანად ჩაქცეულია. შესასვლელი I სართულზე, აღმოსავლეთიდანაა. კარი თაღოვანია. შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს დიდი თაღოვანი ბუხარია, ბუხრის ორივე მხარეს კი - თითო თაღოვანი ნიშა. ორი თაღოვანი ნიშაა სამხრეთ კედელში, ორი - ჩრდილოეთ და ერთი - აღმოსავლეთ კედელში. ყველა ნიშის თაღი აგურითაა ნაშენები. I სართულის ოთხივე კედელი ყრუა (სათოფურების გარეშე). II სართულზე აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში რვა-რვა კვადრატული სათოფურია, სამხრეთისაში - სამი, ხოლო ჩრდილოეთ კედელში - ორი. მესამე სართულის ოთხივე კედელში სამ-სამი ცალმაგი სათოფურია მოწყობილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- მარკოზაშვილი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 57-58.