ბათომის ფურცელი
ბათომის ფურცელი — ყოველდღიური დემოკრატიული ორგანო, გაზეთი „ბათომის ფურცელი“ გამოდიოდა 1920 წელს ქალაქ ბათუმში.
გაზეთს ხელმძღვანელობდა სარედაქციო კოლეგია. იბეჭდებოდა შმაევსკის ელექტრომბეჭდავ სტამბაში. მისი დახურვის შემდეგ გამოიცემოდა გაზეთი „ბათომის ცხოვრება“ (1921). იბეჭდებოდა ოთხ გვერდზე. სულ დაისტამბა გაზეთის 88 ნომერი. „ბათომის ფურცელი“ სოციალ-დემოკრატიული მიმართულების ორგანოა. მისი თანამშრომლები არიან: ბ. გოგუა, ი. დიდიძე, კ. ქავთარაძე, კ. მაჭავარიანი, ვ. სეფისპირელი, გ. ვოზნესენსკი და სხვები.
გაზეთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გამოცემაა და ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს. ყოველ ნომერში ვხვდებით ე. წ. გამხსნელ სტატიას, რომელიც გაზეთის გამოსვლის თარიღითაა დასათაურებული. პერიოდული გამოცემა თემატიკის მრავალგვარობით გამოირჩევა. პოლიტიკის, ეკონომიკის, სოციალური სფეროს თუ კულტურის საკითხები რუბრიკებად შუქდება. მაგალითად, მუდმივი რუბრიკების სახითაა შემოთავაზებული: „უკანასკნელი ცნობები“, „ ქრონიკა“, „ქალაქის საქმეები“, „პრესა“, „უცხოეთში“, „თეატრი და ხელოვნება“, „წერილი რედაქციის მიმართ“, „სახალხო გვარდიაში“, „მუშათა ცხოვრება“, „კოოპერატიული ცხოვრება“ და სხვ. „ბათომის ფურცელი“ დიდ ადგილს უთმობს ქვეყნის საშინაო პოლიტიკის მიმოხილვას, ახალგაზრდა რესპუბლიკის ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს; აშუქებს ბათუმისა და მისი ოლქის წინაშე არსებულ პრობლემებს, უცხოურ ამბებს.
გაზეთი ჟანრობრივი მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პრობლემურ და პროპაგანდისტურ სტატიებზე. გაზეთი დიდ ადგილს უთმობს ქალაქის თეატრალური და კულტურული ცხოვრები ამსახველ მასალას; ყურადღებას ამახვილებს ასევე განათლების თემაზე. გამოცემა აჭარის მკვიდრი მოსახლეობის გამოფხიზლების და ავანტიურისტ-აგიტატორთა გადაბირებისგან ხსნის ერთადერთ გზას სწორედ საგანმანათლებლო ღონისძიებებში ხედავს, რისკენაც აქტიურად მოუწოდებს ხელისუფლებას და სასწრაფო ზომების მიღებას სთხოვს. „ბათომის ფურცელი“ აქვეყნებს მხატრულ-პუბლიცისტურ ნაწარმოებებსაც. მართალია, მხატრული ტექსტები მაღალი ლიტერატურული ღირებულებით არ გამოირჩევა, მაგრამ არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალიწინებით, აქ დასტამბულ ისტორიულ-სამოგზაურო თხზულებათა მნიშვნელობა ერთიორად იზრდება. ცალკე გამოვყოფ კ.მაჭავარიანის „ლაზისტანს“ ი. დიდიძის პუბლიკაციებს: „ევროპა და ჩვენ“, „ერთა ლიგა და საქართველო“, „სომხეთის უბედურება და ჩვენ“. აღსანიშნავია გაზეთის პოლემიკა „სამუსლიმანო საქართველოსთან“, რომელიც დამფუძნებელი კრების მიერ ბათუმის ოლქში საგანგებო კომისრად დანიშნული ბენია ჩხიკვიშვილის საქმიანობის გამო გაჩაღდა. საერთოდაც, გაზეთი ხშირად მსჯელობა ოლქის მართვა-გამგეობის საკითხზე, კვალიფიკაციური ჩინოვნიკების მივლინებას ადგილობრივ მმართველობებში და სხვა საჭირბოროტო თემებზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- შამილაშვილი მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 59.