ბაზალეთური, ბაზალეთური ცოლიკოური, მწვანე ცოლიკოური — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

სახელწოდებას იღებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთიდან.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საკმაოდ დიდი ზომისაა, ოვალური ფორმის, იშვიათად მომრგვალო, სამ ან ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარექეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი მდედრობითი სქესისაა. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური, ხშირად ცილინდრული ფორმის, ზოგჯერ ფრთიანი, საშუალო სიკუმსის ან თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მოყვითალო-მომწვანო ელფერით. კანი სქელი აქვს, საშუალო სიმკვრივის, ცვილისებრი ფიფქით საკმაოდ დაფარული. რბილობი წვნიანია, მომჟავო-მოტკბო გემოთი.

ვაზი საშუალო ზრდისა და უხვმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 168-170 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში შედის. მტევნის წონა საშუალოდ 118 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა — 11.7-14.2 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-23%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7-10 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრისა და ცქრიალა ღვინოები. სუფრის თეთრი ღვინო ღია ყვითელი ფერისაა, ხილის არომატით. ნაზი, საკმაოდ სხეულიანი, სასიამოვნო, ხალისიანი გემოთი. ცქრიალა ღვინო ჩალისფერია, ნაზი ჯიიშური არომატით, მაღალი, მაგრამ სასიამოვნო მჟავიანობით. სუფრისა და ცქრიალა ღვინოები დაძველებით უმჯობესდება, მაღალი მჟავიანობა მცირდება. ღვინო ხდება რბილი და ჰარმონიული, კარგი ბუკეტით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 63