ბადაგი (ვაზის ჯიში)
ბადაგი — ქართული აბორიგენული ვარდისფერყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში გურიიდან.
ძველად იგი მაღლარების სახით ფართოდ ყოფილა გავრცელებული შუა და ზემო გურიის მთის პირა სოფლებში და გავრცელების არეალით იგი ჩხავერის ნარგაობებს არ ჩამორჩებოდა. გადმოცემით ბადაგისაგან ამზადებდნენ ადგილობრივი მნიშვნელობის, ოდნავ მოტკბო და ნაზ სუფრის ტიპის ღვინოებს. ზოგიერთ პირთა მიხედვით, აღნიშნული სახელწოდება ჯიშს მიღებული უნდა ჰქონდეს ყურძენში შაქრის უხვად დაგროვების გამო.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური ფორმის. სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია ხშირი ნაცრისფერი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ხშირად ფრთიანი, საშუალო სიკუმსის, გვხვდება თხელი მტევნებიც. მარცვალი საშუალო ან საშუალოზე დიდია და მომრგვალო. სრულ სიმწიფეში მუქი ვარდისფერია. თხელკანიანია და საკმაოდაა დაფარული ცვილისებრი ფიფქით. რბილობი საკმაოდ ხორციანი და წვნიანია სასიამოვნოდ მოტკბო და მომჟავო გემოთი.
ბადაგი საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 181 დღეა, ხოლო სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. მტევნის საშუალო წონა 190-200 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა — 7.5-8.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20.5-24%-ს, მჟავიანობა — 6.5-10 გ/ლ-ს.
მტევნები დიდი ზომისაა, ცილინდრული ფორმის. მარცვალი მსხვილია, მომრგვალო, ვარდისფერი. რბილობი ხორციანი აქვს, წვენი — ტკბილი და უფერული, სასიამოვნო გემოთი და მკვეთრად გამოხატული ჯიშური არომატით. მტევნის წონა 600-2000 გრამს შორის მერყეობს. არქაული ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია.
ვაზის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის, აგრეთვე ჯანსაღი და ხარისხოვანი პროდუქციის მიღებისთვის მის გასაშენებლად უნდა შეირჩეს სამხრეთისკენ ან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ მიმართული წყალგამტარი, კალციუმის კარბონატების საკმაოდ შემცველი ფერდობები. დაბლობ, ნესტიან ადგილებში გაშენებული ვაზი ძალზე დაბალი ხარისხის მოსავლით გამოირჩევა. ბადაგის ღვინო შემდეგი ნიშნებით ხასიათდება: იგი ვარდისფერია, კომშისებრი ელფერით. ჰარმონიული, თავისებური სპეციფიკური არომატით. როგორც სპეციფიკური ნიშან-თვისებების მქონე (ფერი, გემო), ბადაგი განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ადგილობრივი მნიშვნელობის სუფრის ტიპის ღვინოების თვალსაზრისით. ბადაგის ღვინო საკმაოდ ალკოჰოლიანია (12,7%), გააჩნია ნორმალური მჟავიანობა და ექსტრაქტი. ნორმალური მოვლის პირობებში ბადაგი დიდი მოსავლიანობით ხასიათდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 63
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ქართული ვაზის ძველი ჯიშები
- საქართველოში გავრცელებული და პერსპექტიული ვაზის თეთრყურძნიანი საღვინე ჯიშებიღვინის ეროვნული საააგენტო დაარქივებული 2016-12-24 საიტზე Wayback Machine.