აჰმედ ვასიფი (თურქ. Ahmet Vasıf Efendi; გ. 1806, სტამბოლი) — თურქი ისტორიკოსი, სახელმწიფო მოხელე, დიპლომატი.

მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომში, რუსებს ტყვედ ჩაუვარდათ; შემდეგ მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის საზავო მოლაპარაკებებში, მიმოწერას აწარმოებდა რუსეთის იმპერატორ ეკატერინე II-სა და დიდ ვეზირს შორის. შეადგინა 1772 წლის ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულების ოქმი. 1783 წელს გახდა სულთნის კარის ისტორიკოსი, ოფიციალური ჟამთააღმწერელი. ერთხანს შერისხული იყო. 1786-1787 წლებში ელჩად იყო ესპანეთში. ვასიფი რეფორმისტული მიმართულების მოღვაწე იყო, რაც აისახა მის თხზულებებში.

ვასიფი თვითმხილველი და უშუალო მონაწილე იყო მრავალი მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენისა, რომელთა შესახებაც დაწვრილებით გადმოგვცემს თავის ორტომიან თხზულებაში „მშვენიერი ძეგლები და სარწმუნო ცნობები“ (მოიცავს 1753–1774 პერიოდს). ვასიფისათვის ერთ-ერთი პირველხარისხოვანი წყაროა მუსტაფა ჩეშმი-ზადეს „ისტორია“. იგი ამოკლებს ჩეშმი-ზადეს ცნობებს საქართველოს შესახებ. ხშირ შემთხვევაში არ ასახელებს იმერეთ-გურია-სამეგრელოს მთავართა და წარჩინებულთა სახელებს. I ტომში არის ცნობები 1766–1769 წლების საქართველოს შესახებ, კერძოდ, ჩილდირის ეიალეთზე, მის ურთიერთობაზე იმერეთთან; ოსმალების თავდასხმების შესახებ იმერეთზე, იმერეთის მეფის სოლომონ I-ის ბრძოლაზე ოსმალებთან და სხვ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბურჯანაძე შ., სოლომონ I-ის მეფობის პირველი პერიოდი (1752–1768 წწ.), «თსუ შრომები», 1950, ტ. 41.
  • შენგელია ნ., ოსმალო ისტორიკოსის აჰმედ ვასიფის ცნობები საქართველოს შესახებ, «ქართული წყაროთმცოდნეობა», 1971, [ტ.] 3.
  • ალასანია გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
  • Menchinger Ethan L., The First of the Modern Ottomans: The Intellectual History of Ahmed Vasıf, Cambridge, 2017.