ახალციხის ნამოსახლარი და ციხე
ახალციხის ნამოსახლარი და ციხე — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლაციხის შუაში, ამოზიდულ გორაზე, სამხრეთიდან ესაზღვრება ახალციხის ხევი.
ნამოსახლარზე დადასტურდა ადრინდელი ბრინჯაოს, გვიანდელი ბრინჯაოს და ადრინდელი რკინის ხანის კულტურული ფენები.
ნამოსახლარზე დგას ციხე (38,4X23,3 მეტრზე), რომელიც თარიღდება XVIII საუკუნის შუა წლებით. ნაგებია ნატეხი ქვით. ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთით მხარე ოდნავ მორკალულია. შესასვლელი დასავლეთ კედელშია. გალავანში ჩართულია ხუთი ცილინდრული კოშკი: ჩრდილო-აღმოსავლეთით, ჩრდილო-დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთ კუთხეებში, დასავლეთ კედლის შუა ნაწილში და სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში.
ყველაზე დიდია დასავლეთ კოშკი, ყველაზე პატარა — სამხრეთ-დასავლეთისაა. არქიტექტურულ-კონსტრუქციაში გადაწყვეტის კოშკები მსგავსია. სართულები ძირითადად საბრძოლო დანიშნულებისაა, მაგრამ, ჩანს, საცხოვრებლადაც იყენებდნენ. შესასვლელი ყველა კოშკს ეზოდან აქვს. სართულიანობის დადგენა ძნელია, რადგან ზედა ნაწილები ჩამონგრეულია. ბუხარი ყველა სართულზე კარის მოპირდაპირე კედელშია დატანებული. გალავნისა და კოშკების კედლები ჩართულია ცალმაგი და ორმაგი სათოფურები. საბრძოლო ბილიკი ციხის მხოლოდ სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებს გასდევს.
ციხის ტერიტორიაზე სასაფლაოზე, ზოგიერთ საფლავის ქვაზე შემორჩენილია გუთნეულის, ურმის, მწყემსის და სხვა გამოსახულებები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზაქარაია პ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 142-143.