ახალი ზელანდიის ქვეოლქი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ახალი ზელანდიის ქვეოლქი, პალეოტროპიკული ოლქია ერთ-ერთი ბოტანიკურ-გეოგრაფიული ქვეოლქი. მოიცავს ახალი ზელანდიის ორივე კუნძულს, კერმადიკის, ჩატემისა და ანტიპოდის კუნძულებს, რომლებიც სამხრეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში მდებარეობა. მცენარეულობა შემორჩენილია მეზოზოური ეპიქოდან.

ახალი ზელანდიის ქვეოლქში 1922 სახეობაა, რომელთა 76% ენდემურია (ენდემური გვარები - 11%). ფლორა უმთავრესად მალეზური წარმოშობისაა. ახალი ზელანდიის ქვეოლქში ძირითადად სახეობათა ხუთი ისტორიულ-გეოგრაფიული ელემენტია:

  • პალეოზელანდიური - სახეობათა უძველესი ჯგუფი (ახალზელანდიური სელი - Phormium tenax, რთულყვავილოვანთა გვარები Haastia და Raoulia, წიწოვანი - Phyllocladus);
  • სუბანტარქტიკული - მრავალი გვარი საერთოა ანტარქტიკული ოლქის ფლორასთან (სამხრეთის წიფელი Nothofagus , წიწოვანები Dacrydium, Libocedrus და სხვა);
  • პალეოტროპიკული - უმთავრესად მალეზიური სახეობებია (ხისებრი გვიმრების გვარები: ალზოფილა - Alsophila, ციათეა - Cyathea, ფიჭვი "კაური" - Agathis australis და სხვა);


  • ავსტრალიური - ძალიან სუსტადაა ასახული. მასში ავსტრალიური ფლორის მხოლოდ ზოგიერთი მრავალსახეობიანი გვარი 1-2 სახეობითაა წარმოდგენილი. ავსტრალიისათვის ყველაზე დამახასიათებელი გვარები კი - ევკალიპტი და აკაცია ახალი ზელანდიის ქვეოლქში სრულებით არაა;
  • კოსმოპოლიტური - მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული მცენარეები (წყლის ვაზი Potamogeton natans, ისლის ზოგიერთი სახეობა და სხვა);


ამ ელემენტის მეორე ჯგუფს შეადგენს კოსმოპოლიტურ მცენარეთა ახალზელანდიური ვიკარული სახეობები (ეწრის გვიმრა - Pteridium esculentum, კოსმოპოლიტური Pteridium aquilinum-ის ნაცვლად, ახალზელანდიური ჭინჭარი - Urtica australis, კოსმოპოლიტური ჩვეულებრივი ჭინჭრის ნაცვლად და ა. შ.).


ახალი ზელანდიის ქვეოლქის მცენარეული საფარი ზონალური თანამიმდევრობით ქმნის შემდეგ ტიპებს: ა) სუბტროპიკულ მარადმწვანე ტენიან ტყეებს (ფოთლოვნებიდან - ტარაირე - Beilschmedia tarairi და სხვა, წიწვოვნებიდან - კაური - Agathis australis, ტოტარა - Podocarpus totara, ხისებრი გვიმრები, ლიანები და ეპიფიტები); ბ) სამხრეთის წიფლის (Nothofagus solanderii, Nothofagus truncata) ანტარქტიკული ტენიან მარადმწვანე ტყეებს ლიანებისა და ეპიფიტების მცირე მონაწილეობით. ამჟამად ორივე ზონაში ლანდშაფტური ხასიათის მარადმწვანე ბუჩქნარია, რომელიც უმთავრესად ტყეების გაკაფვის შედეგადაა განვითარებული. ამ ზონებისათვის დამახასიათებელია ახალზელანდიური სელი, "კომბოსტოს ხე" ანუ დრაცენა (Cordyline australis) შროშანისებრთა ოჯახისა, მანუკა (Leptospermum scoparium) მირტისებრთა ოჯახისა და სხვა; გ) სამხრეთის წიფლის (Nothofagus cliffortioides) სუბალპური ტყეებს წიწვოვანთა ქვეტყითურთ (ბიდვილის ლიბოცედრუსი - Libocedrus bidwillii მთის ტოტარა - Podocarpus nivalis და სხვა). ზოგან გავრცელებულია სუბალპური ზაფხულმწვანე ტყეები, რომლებიც უმთავრესად ბალბისებრთა ოჯახის ჰოჰერიას გვარის სახეობებითაა (Hoheria glabrata და სხვა) შექმნილი, სუბალპური ბუჩქნარები რთულყვავილოვანთა ოჯახის ოლეარიას გვარის სახეობებითურთ (Olearia lacunosa და სხვა) ალპურ ზონაში მაღალმთის უდაბნოს ქმნის დორისებრი მკვრივკორდოვანი რთულყვავილოვანი მცენარეები (Haastia, Raoulia, Phyllachne).

ახალი ზელანდიის ქვეოლქის თითქმის ყველა ზონაშია ე. წ. ტუსოკის მცენარეულობა, რომელსაც ქმნის მაღალი მკვრივკორდოვანი მარცვლოვნები, მაგ., ახალზელანდიური წივანა (Festuca novae-zelandiae), თივაქასრა (Poa caespitosa), დანტონია (Danthonia raoulii) და სხვა. ახალი ზელანდიის ქვეოლქში ზოგან გვხვდება მანგოს ტყეები, სფაგნუმიანი ჭაობები, წყლის მცენარეულობა და სხვა. სპეციფიკურია ცხელი გეიზერების მიდამოში გავრცელებული მცენარეულობა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სახოკია მ., ქსე, ტ. 2, გვ. 90, თბ., 1977