ახალგაზრდა სოციალისტ-ფედერალისტთა ორგანიზაცია

პოლიტიკური ორგანიზაცია
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ახალგაზრდა სოციალისტ-ფედერალისტთა ორგანიზაცია — შეიქმნა ქუთაისში გამართულ საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის მოსწავლეთა კავშირის პირველ თავისუფალ კონფერენციაზე (1917 წლის 1–4 მაისი). მის მუშაობაში მონაწილეობდა 27 დელეგატი. კონფერენციის გადაწყვეტილებით, ორგანიზაციას თბილისში უნდა გამოეცა ჟურნალი „მებრძოლთა ხმა“. სარედაქციო კოლეგიაში შედიოდნენ: გ. სვანიძე, გ. კიკნაძე, შ. ასათიანი. კონფერენციამ დაამტკიცა სრულიად საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის მოსწავლეთა კავშირის წესდება. ამ დოკუმენტით განისაზღვრა ორგანიზაციაში მოსწავლეთა მიღების წესები, მათი უფლება-მოვალეობები; საწევრო გადასახადი და სხვ. კავშირის გამგეობა 7 წევრისგან შედგებოდა. მოსწავლეთა კავშირი ინტელიგენტურ ორგანიზაციას წარმოადგენდა. კავშირის ორგანიზაციები საქართველოს ფარგლებს გარეთაც შეიქმნა. ერთ-ერთი მათგანი იყო კავკასიის ქართველ მოსწავლეთა კავშირი.

1918 წლის 6–8 თებერვალს გაიმართა სრულიად საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის მოსწავლეთა კავშირის მეორე თავისუფალი კონფერენცია. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდა ახალგაზრდა სოციალისტ-ფედერალისტთა სტუდენტური ორგანიზაციების საქმიანობა.

1919 წლის მარტში თბილისის უნივერსიტეტში გამართულ სტუდენტთა წლიურ საზოგადო კრებაზე არჩეულ გამგეობის შემადგენლობაში ახალგაზრდა სოციალისტ-ფედერალისტებმა უმრავლესობა — 13 ადგილი მიიღეს. 1919 წლის დასაწყისში სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიას გამოეყო მემარცხენე — ე.წ. „მაშვრალთა“ (სინდიკალისტთა) ჯგუფი. იგივე მოხდა ახალგაზრდულ ორგანიზაციაში, რომელსაც გამოეყო ახალგაზრდა „მაშვრალთა“ ანარქისტულ-სინდიკალისტური ჯგუფი.

1919 წლის დასაწყისისთვის ორგანიზაცია 2312 წევრს ითვლიდა, ახალგაზრდა სოციალისტ-ფედერალისტთა ორგანიზაციის ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად იმავე ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობა (1920 წლის 26 დეკემბერი) შეიძლება ჩაითვალოს. აღნიშნულ ყრილობაზე შესაძლებელი გახდა ახალგაზრდა სოციალისტ-ფედერალისტთა მოსწავლეთა და სტუდენტთა ორგანიზაციების გაერთიანება. კონფერენციის მიერ მიღებული დადგენილებით, ორგანიზაციას სიტყვები „მოსწავლე“ და „სტუდენტთა“ ჩამოსცილდა და მას საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის ახალგაზრდათა ორგანიზაცია ეწოდა. ყრილობამ აირჩია გაერთიანებული ახალგაზრდა სოციალისტ-ფედერალისტთა ორგანიზაციის კავშირის გამგეობა შ. ასათიანის, გ. კიკნაძის, შ. კიკნაძის, დ. გელოვანის, გ. სვანიძის, ს. ამაღლობელის და სხვათა შემადგენლობით. სარევიზიო კომისიაში შედიოდნენ ფ. შარაძე, ბესო ჟღენტი და სხვ.

ყრილობაზე ახალგაზრდების მემარცხენე ჯგუფის სახელით სიტყვით გ. მუშიშვილი გამოვიდა. მან და მისმა რამდენიმე თანამოაზრემ საბჭოთა ხელისუფლებისადმი ოფიციალური მხარდაჭერა დააფიქსირეს. ამ ფაქტით, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, საფუძველი დაედო ახალგაზრდა მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა ორგანიზაციის შექმნას.

ახალგაზრდა სოციალისტ-ფედერალისტთა ორგანიზაცია აქტიურ მონაწილეობას იღებდა პოლიტიკურ პროცესებში. ახალგაზრდა სოციალისტ-ფედერალისტებმა მწვავედ გააკრიტიკეს თბილისის ქალაქისთავი ბ. ჩხიკვიშვილი, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა დამფუძნებელი კრების წევრს შ. ნუცუბიძეს. ამ ორი პოლიტიკოსის გახმაურებულ კონფლიქტს მიეძღვნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა 1921 წლის 2 თებერვლის კრება, რომელმაც საგანგებოდ განიხილა ინციდენტი, დაგმო ქალაქისთავის საქციელი, საპროტესტო დემონსტრაციის მოწყობის გადაწყვეტილება მიიღო. ახალგაზრდა სოციალისტ-ფედერალისტთა ორგანიზაციის მმართველი ბირთვი არჩილ ჯორჯაძის პოლიტიკურ ნააზრევს ეფუძნებოდა და ეროვნული სახელმწიფოს მომავლის ჯორჯაძის ეროვნული მსოფლიომხედველობით ახალგაზრდობის აღზრდაში ხედავდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვადაჭკორია, შ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 46.