აწლიჟი
აწლიჟი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.
ჯიშის სახელწოდება „ხის ყურძენს“ ნიშნავს. როგორც ჩანს, იგი ხეებზე მაღლარებად იყო გაშვებული.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო ან გულისმაგვარი ფორმის, მთლიანი, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებურადაა შებუსული. ყვავილი მდედრობითია. მტევანი დიდი ან საშუალო ზომის აქვს, კონუსური ფორმის, უმხრო ან დატოტვილი. თხელია, ზოგჯერ საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან შებრტყელებული, შავი ფერის. კანი მკვრივი აქვს, ცვილისებრი ნაფიფქით სქლად დაფარული. რბილობი წვნიანია, წვენი — შეფერილი.
აწლიჟი ძლიერი ზრდისაა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში შედის. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 180-200 დღეა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 14-18%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9-13 გ/ლ-ს.
გამოიყენება სხვა ჯიშებთან საკუპაჟე მასალად სუფრის წითელი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 57