აშუღაში, ათვიჟი, ათპიჟი, ათპიუჟი (აფხ. Ашәыгажь/Аҭәыжь[1]) — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.

ჯიშჯის სახელწოდება ქართულად „საფერავს“ ან შემფერავს“, ხოლო მისი ერთ-ერთი სინონიმი ათვიჟი „სავსე (მსუქან) ყურძენს“ ნიშნავს.

აღმოჩენილია საქართველოს მებაღეობისა და მევენახეობის ინსტიტუტის მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე, სოფლებში: აჩანდარა, აბგარხუკი და დურიფში.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია საშუალო სიხშირის აბლაბუდისებრი და შერეული ხშირი ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ფრთიანი, იშვიათად კონუსური, კუმსი ან ძლიერ კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, შავი ფერის, დაჰკრავს მონაცრისფრო ელფერი. კანი თხელი აქვს ცვილისებრი ფიფქით საკმაოდ დაფარული. რბილობი წვნიანია, მდნარი, წვენი ღია ვარდისფრადაა შეფერილი.

აშუღაჟი საშუალო ზრდისაა. კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 185-190 დღე სჭირდება. მტევნის წონა 100-120 გრამს შორის მერყეობს. მცირემოსავლიანი ჯიშია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 22%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.2 გ/ლ-ს.

მიიღება ინტენსიურად შეფერილი, ექსტრაქტული, რბილი და ჯიშური, არომატიანი სუფრის წითელი ღვინო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 54
  1. жур. «Абаза», №2 (19), 01 декабря, 2015