აღმოსავლეთ სომხური
აღმოსავლეთ სომხური — ინდოევროპულ ენათა ოჯახში დამოუკიდებელ შტოს ქმნის. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ის ახლოსაა ინდოირანულსა და ძველ ბერძნულთან. სომხურ ენას ლექსიკური, ფონეტიკური და გრამატიკული თვალსაზრისით ბევრი მსგავსება აქვს კავკასიურ ენებთანაც, რაც უშუალოდ მიუთითებს იმაზე, რომ ინდოევროპული მოდგმის ტომებთან ერთად სომეხთა ეთნოგენეზში კავკასიურენოვანმა ტომებმაც მიიღეს მონაწილეობა.
ისტორია
რედაქტირებაძველი სომხური სალიტერატურო ენა ცენტრალური სომხეთის რამდენიმე დიალექტის საფუძველზე ჩამოყალიბდა. სომხური ანბანი ერთ-ერთი ძველი და ორიგინალური ანბანია. სომხური საისტორიო ტრადიციით მისი შემქმნელია მესროპ მაშტოცი. შექმნის თარიღად კი V საუკუნის დასაწყისს ასახელებენ. ანბანი 36 ასოსაგან შედგება. ძველი სომხური დამწერლობის ძეგლები V საუკუნით თარიღდება. ძველი სომხური სალიტერატურო ენა XIX საუკუნემდე ფუნქციონირებდა, მაგრამ ცოცხალი სალაპარაკო ენა მეტყველების ევოლუციისა და სხვა ენებთან (სპარსული, ბერძნული, არაბული, ქართული, თურქული) ურთიერთობის შედეგად, თანდათან დაშორდა სალიტერატურო ენას და ეს უკანასკნელი მოსახლეობისათვის გაუგებარი შეიქმნა. მან გრაბარის (დამწერლობის ენის) სახელწოდება მიიღო. გრაბარი ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ განათლებულ ადამიანთა და სასულიერო მოღვაწეთა ვიწრო წრისათვის. გვიან შუა საუკუნეებში დაიწყო ახალი სალიტერატურო ენის შექმნა. ეს ახალი ენა აშხარაბარის (საერო) სახელითაა ცნობილი, რომელიც საბოლოოდ XIX საუკუნის შუა ხანებიდან დამკვიდრდა. აშხარაბარი (სალიტერატურო ნაციონალური ენა) ორ დასავლურ და აღმოსავლურ ვარიანტად ჩამოყალიბდა, რაც სამეცნიერო ლიტერატურაში სომხური ნაციონალური ბურჟუაზიის ფორმირების თავისებურებებითაა ახსნილი. აღმოსავლური სალიტერატურო ენის გავრცელების არეალია სომხეთის სახელმწიფო, აგრეთვე ირანი და ინდოეთი. დასავლურ სალიტერატურო ენაზე ლაპარაკობენ თურქეთში, ლიბანში, სირიაში, ევროპის ქვეყნებში, ამერიკაში მცხოვრები სომხები. როგორც აღნიშნავენ, სალიტერატურო ენის ორ ვარიანტს შორის განსხვავება უმნიშვნელოა. ახალი სალიტერატურო ენის ორ ვარიანტს შორის განსხვავება ძირითადად ფონეტიკურია. ამ თვალსაზრისით ლიტერატურული ენის აღმოსავლური ვარიანტი გრაბართან უფრო ახლოსაა, ვიდრე დასავლური, მაგრამ ერთიანი გრაფიკა და ორთოგრაფია ორივე ვარიანტის მატარებლებს ერთმანეთის ტექსტების გაგების საშუალებას აძლევს.
XX საუკუნის დასაწყისში სომხურ ენას მრავალი დიალექტი ჰქონდა. ადრე თუ მის 31 დიალექტს აღნიშნავდნენ, ბოლო დროის სამეცნიერო ნაშრომებში 44 და 51 დიალექტს მიუთითებენ. დიალექტები ერთმანეთისაგან ფონეტიკური, მორფოლოგიური და ლექსიკური თვალსაზრისით განსხვავდებიან. დღეისათვის დიალექტების ინტენსიურად გაქრობა მიმდინარეობს. ზოგიერთი დიალექტის წარმომადგენლებს ერთმანეთის მეტყველება არ ესმოდათ.
სალიტერატურო ენისაგან ძალიან დაშორებული იყო მეღრიული, ყარადაღული, ყარაჩევანული, აღუ ლური, ზეითუნური, მალათიური, სასუნური და ბევრი სხვა დიალექტი. სომხური ენის ლექსიკაში ლინგვისტები რამდენიმე ფენას გამოყოფენ. უძველესი ფენა (დაახლოებით 1000 სიტყვა) უშუალოდ ინდოევროპული პრაენიდან მომდინარეობს. სომხურ ენაში საკმაოდ დიდი რაოდენობითაა ნასესხები სიტყვები იმ ენებიდან, რომელთა მატარებლებსაც სომხებთან ურთიერთობა ჰქონდათ. ესენია ხეთური, ხურიტული, ურარტული, სირიული ენები, მაგრამ ყველაზე მეტად სომხურ ენაში პართიული სიტყვებია შესული. ბოლო პერიოდში ბევრი სიტყვა შესულა არაბული და თურქული ენებიდან.
ლიტერატურა
რედაქტირება- როლანდ თოფჩიშვილი კავკასიის ხალხთა ეთნოლოგია, თბ.,2012
- ალექსიძე ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 472.