აღაიანის ნინოწმინდის ეკლესია

აღაიანის ნინოწმინდის ეკლესია – ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის სამხრეთ-აღმოსავლეთით ორ კილომეტრზე, თხოთის მთაზე[1]. თარიღდება VII-VIII საუკუნეებით. ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[2].

წმინდა ნინოს ეკლესია თხოთის მთაზე
აღაიანის ნინოწმინდის ეკლესია — საქართველო
აღაიანის ნინოწმინდის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°53′47″ ჩ. გ. 44°32′02″ ა. გ. / 41.89639° ჩ. გ. 44.53389° ა. გ. / 41.89639; 44.53389
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები

ეკლესია იყო ჯვარგუმბათოვანი, რომელიც IX-X საუკუნეების მიჯნაზე გადაუკეთებიათ დარბაზულად. პირვანდელი ეკლესიის შემორჩენილი გვერდები (2-2,5 მ) ნაგებია კარგად გათლილი მოყვითალო-ოქროსფერი კვადრებით, წყობაში ნახმარია მომწვანო ტუფი, გვხვდება აგურიც. გადაკეთებისას ეკლესიისათვის გარედან ჯვრული გეგმა შეუნარჩუნებიათ, მხოლოდ გუმბათის ნაცვლად გადაუხურავთ ცილინდრული კამარით, რომელიც ხუთ საბჯენ თაღს ეყრდნობა. გეგმაში თითქმის უცვლელადაა დატოვებული აფსიდი და დასავლეთ მკლავი. თავდაპირველი ჯვრის ჩრდილოეთ და სამხრეთ მკლავები შიგნიდან ამოშენებულია. გარედან აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ წაგრძელებული ცენტრალური ნაწილი გადახურულია ორფერდა, ხოლო ჩრდილო და სამხრეთ შვერილები - ცალფერდა სახურავით. ეკლესიაში შესასვლელი (არქიტრავული გადახურვით) ჩრდილოეთ მკლავიდანაა, სამხრეთ მკლავში შესასვლელი გაუქმებულია. ამავე მკლავის დასავლეთ მხარეს მდებარე შესასვლელი გვიანდელია. ერთი სარკმელი ნახევარწრიულ აფსიდშია, მეორე - სამხრეთ კედელში. ჩრდილოეთ მკლავში ვიწრო და თაღოვანი დერეფანია. სამხრეთისაში კი ნიშია ჩამოსაჯდომი შვერილით.

საკურთხეველში შემორჩენილია მოხატულობისა და წარწერის ფრაგმენტები. კონქში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ქრისტე. მოხატულობის ნაშთი შემორჩენილია საკურთხევლის სარკმლის წირთხლებშიც და სატრიუმფო თაღის სამხრეთ კაპიტელთან. სტილისტური ნიშნებით მხატვრობა თარიღდება X საუკუნის დასასრულითა და XI საუკუნის პირველი მეოთხედით.

გარედან ეკლესიის მასები მკაფიოდ გამოხატავენ ჯვარს. აღმოსავლეთ მკლავის ფასადზე სარკმელი თაღოვანი სათაურითაა შემკული, მის ზემოთ თავდაპირველი ეკლესიის ქვებიდან შედგენილია ჯვარი. სამხრეთის ფასადის სარკმელი მორთულია თაღოვანი რელიეფური სათაურით, ხოლო შესასვლელი რელიეფური კომპოზიციის ტიმპანით. ამ შესასვლელს XVI საუკუნეში აგურით ნაგები თაღოვანი მინაშენი - კონტრფორსი მიადგეს. სამხრეთ ფასადზე X-XI საუკუნეების სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა. დასავლეთ ფასადზეც მოგვიანებით მძლავრი კონტრფორსი მიუშენებიათ. აგურის კბილანა ლავგარდანი გვიანდელია.

ფოტოგალერეა

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.5, თბ., 1990, გვ. 136-140.
  1. თხოთის მთასთან დაკავშირებულია პირველი ქრისტიანი მეფის — მირიანისა და მზის დაბნელების ამბავი. ამ სასწაულის შემდეგ, ქრისტიანობის მიღების პირველივე საუკუნეებში თხოთის მთის წვერზე აღუმართავთ სამლოცველო წმინდა ნინოს სახელზე
  2. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2020-01-29.