აუცილებელი მოგერიება

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აუცილებელი მოგერიება სხვადასხვა ქვეყნების სისხლის სამართალში თითქმის ერთგვარად განისაზღვრება: გამართლდება პირი, რომელმაც თავდაცვის მიზნით უპასუხა თავდამსხმელს, მაგრამ იმ პირობით, რომ იგი მოქმედებს დაუყოვნებლივ და გარემოებების შესაბამისად.

აუცილებელი მოგერიების არსი

რედაქტირება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, აუცილებელი მოგერიება არის მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი ერთ-ერთი გარემოება.

ვიკიციტატა
„მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად
(საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილი[1])

აუცილებელი მოგერიების წინაპირობები

რედაქტირება

იმისათვის რათა დადგინდეს, არსებობს თუ არა აუცილებელი მოგერიება, უნდა შემოწმდეს შემდეგი წინაპირობები:

  1. უნდა გვქონდეს უკიდურესი მდგომარეობა (მომგერიებელი უნდა იმყოფებოდეს მისთვის ან სხვისთვის საშიშ მდგომარეობაში);
  2. ამ უკიდურესმა მდგომარეობამ კონკრეტული ქცევის განხორციელება უნდა განაპირობოს;
  3. პირს უნდა ამოძრავებდეს თავდაცვის სურვილი; [2]

ცალკეულ შემთხვევაში ამ ზოგად კრიტერიუმებს ემატება მეოთხე კრიტერიუმიც, რომელიც აუცილებელი მოგერიების სოციალურ-ეთიკურ შეზღუდვაში გამოიხატება.

აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილი).[3]

არსებობს აუცილებელი მოგერიების მართლზომიერების საკითხთან დაკავშირებით ხუთი წინაპირობა:

  • სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის მართლწინააღმდეგობა;
  • სამართლებრივი ხელყოფის რეალურობა;
  • სამართლებრივი ხელყოფის იმწუთიერობა;
  • სამართლებრივი ხელყოფის რელევანტურობა;
  • აუცილებელი მოგერიება უნდა იყოს განხორციელებული მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივი სიკეთის დაცვის მიზნით.[4]

საქართველოს ისტორიაში, აუცილებელი მოგერიების ნორმები გვხვდება ვახტანგი ბატონიშვილის სამართლის წიგნში. თვითგასწორება რაც საქართველოს მთიანეთში არსებობდა, გიორგი ბრწყინვალემ ძლიერ შეზღუდა, მაგრამ აუცილებელი მოგერიების უფლება არ და ვერ გააუქმა.[5]

პრეცედენტული საქმე

რედაქტირება

საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში აუცილებელი მოგერიების საუკეთესო მაგალითია ე. წ. გუდაურის გახმაურებული და რეზონანსული საქმე. გორის რაიონულ სასამართლოში ნაფიც მსაჯულებმა მერაბ კობიაშვილი უდანაშაულოდ ცნეს და დაადგინეს, რომ მერაბ კობიაშვილი თავს იცავდა თავდასხმისაგან. მერაბ კობიაშვილს იცავდნენ ცნობილი ადვოკატები ტარიელ კაკაბაძე, თამარ ჯოხაძე და ეკატერინე მაჭარაშვილი.[1]

საქმის მასალებიდან გამომდინარე მერაბ კობიაშვილს ბრალად ედებოდა თ.გ.-ს განზრახ მკვლელობა და დ. ს.-ის განზრახ მკვლელობის მცდელობა და ბრალდების მხარე მერაბ კობიაშვილის ქმედებას აფასებდა, როგორც მართლსაწინააღმდეგოს და სუბიექტური მხარესთან დაკავშირებით ბრალდების მხარე მიიჩნევდა, რომ მერაბს ჰქონდა წინასწარი განზრახვა თ.გ-ს და დ.ს.-ის მოკვლის, რის გამოც მან ამ მიზნითვე მანქანიდან აიღო იარაღი და წავიდა მათი მიმართულებით.

თუმცა დაცვის მხარის პოზიციით მერაბ კობიაშვილის ქმედება იყო მართლზომიერი, ვინაიდან ის მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, იცავდა საკუთარ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და იარაღის აღების დროს მას არ ჰქონია ბიჭების მოკვლის განზრახვა.

საქმეში არსებობდა ვიდეო მტკიცებულება, რომელშიც დასტურდებოდა შემთხვევამდე მერაბ კობიაშვილზე რამდენჯერმე განხორციელებული თავდასხმა ბიჭების მხრიდან, რომელიც გამოხატული იყო სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფებში. რაც შეეხება უშუალოდ შემთხვევის ამსახველ ვიდეო-ჩანაწერებს, მასზე ჩანდა ფეხის თითისკენ მიმართული იარაღიდან ერთხელ გასროლა, შემდგომში იარაღიანი ხელის უკან ჩამოწევა, თუმცა მიუხედავად პირველი გასროლისა თ.გ.-ის მიერ მერაბ კობიაშვილზე კვლავ თავდასხმა. საქმეში არსებულ ერთ- ერთ ვიდეო-ჩანაწერში აგრეთვე ისმოდა მერაბ კობიაშვილის მიერ განხორციელებული 5 გასროლა, ხოლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დაზარალებულებს მიყენებული ჰქონდათ სიცოცხლისათვის საშიშ ადგილებში, გარდა პირველი გასროლისა, რომელიც მოხვდა თ. გ.-ს ფეხის ფრჩხილში და აღნიშნული არც ერთი მხარისთვის არ იყო სადავო, თუმცა მხარეები მას აფასებდნენ გასხვავებულად. კერძოდ, დაცვის მხარის პოზიციით პირველი გასროლა იყო გამაფრთხილებელი, ხოლო ბრალდების მხარის პოზიციით დამიზნებული ტყვიის აცდენა გამოწვეული მერაბ კობიაშვილის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნით.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მერაბ კობიაშვილი ცნო უდანაშაულოდ და გაამართლა - არსებითად გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, რომ მერაბ კობიაშვილი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.

  1. https://matsne.gov.ge/document/view/16426?publication=247
  2. მ. ტურავა (2013). სისხლის სამართალი, ზოგადი ნაწილის მიმოხილვა, მეცხრე გამოცემა, გვ. 175. 
  3. https://matsne.gov.ge/document/view/16426?publication=247
  4. (2018) სისხლის სამართალი, ზოგადი ნაწილი, მესამე გამოცემა, გვ. 377. 
  5. სურგულაძე ი. (2002). ქართული სამართლის ისტორიის წყაროები.