აურზაური არაფრის გამო
აურზაური არაფრის გამო (ინგლ. Much Ado About Nothing) — უილიამ შექსპირის პიესა, დაწერილია 1598-99 წლებში.
დათარიღება
რედაქტირებაპიესის დათარიღება ხერხდება ორი ძირითადი მოსაზრებიდან: ჯერ ერთი, იგი არ შეიძლება დაწერილიყო 1598 წლამდე, რადგან ამ წელს გამოცემულ ფრანსის მიერეზის ნუსხაში იგი მოხსენიებული არ არის. მეორეც ის, რომ იგი ვერც 1599 წელზე გვიან დაიწერებოდა, რადგან შინდის როლის შემსრულებელი, ცნობილი კომიკოსი უილ კემპი შექსპირის დასს ამ წლის დასაწყისშივე ტოვებს. ხოლო ეს როლი რომ საგანგებოდ კემპისთვის დაიწერა, ამას ამტკიცებს პიესის პირველი გამოცემა ქვატროს ფორმატით 1600 წელს, რომელიც სრულ და ავთენტურ ტექსტად ითვლება და რომელშიც მოქმედ პირ შინდის ნაცვლად მსახიობის გვარი — კემპი გვხვდება. ამრიგად, ლოგიკურად ასკვნიან, რომ „აურზაური არაფრის გამო“ 1598-1599 წლების ზამთარში დაიწერა. თანაც ეს ის ბედნიერი შემთხვევა უნდა იყოს, როცა საქმე გვაქვს ტექსტთან, რომელიც, როგორც ჩანს, ერთგულად მიჰყვება თვით დრამატურგის მიერ შემოქმებულ და მიღებულ „მოკარნახის პირს“.
წყაროები
რედაქტირებახალხური მოტივი ცილისწამების მსხვერპლ ქალიშვილის შესახებ უძველესი ლიტერატურული მოტივია. ბევრს კამათობენ იმაზე, თუ კონკრეტულად რომელი წყაროთი ისარგებლა შექსპირმა. ეს საკითხი საგანგებოდ და გულდასმით აქვს შესწავლილი ჩარლზ პრაუტის.
ლოდოვიკო არიოსტოს „შმაგ ორლანდოში“ (1516) მოყოლილი აქვს რინალდოს თავგადასავალი შოტლანდიაში. იგი ასახელებს ლედი ჯინევრასა და მის ხელისმთხოვნელ არიოდანტეს. 1566 წელს პიტერ ბევერლი აქვეყნებს პოემას, რომელშიც გამოყვანილნი არიან თოთხმეტ-თოთხმეტი წლის არიოდანტო და ჯენევრა. არიოსტოს მოტივი გამოყენებული აქვს აგრეთვე ედმუნდ სპენსერს თავის ცნობილ „ფერიათა დედოფალში“. მკვლევარებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ შექსპირი იცნობდა სპენსერის ვერსიას და თითქმის ასევე დარწმუნებულნი არიან, რომ მას არიოსტოც წაკითხული ჰქონდა ან დედანში, ანდა 1591 წელს გამოქვეყნებულ ჰარინგტონის თარგმანში. არიოსტოსაც და სპენსერსაც აღწერილი აქვთ თუ როგორ ჩაიცვა მოახლემ თავისი ქალბატონის ტანსაცმელი. დანარჩენი მოტივები კი უფრო დაწვრილებით გვხვდება არიოსტოს „შმაგ ორლანდოს“ მეოთხე-მეექვსე სიმღერებში.
მაინც შექსპირის ყველაზე მთავარ წყაროს შეადგენდა მატეო ბანდელოს მიერ 1554 წელს გამოქვეყნებული ნოველები (კერძოდ, ოცდამეორე ნოველა). ბანდელოც ძირითადად არიოსტოს ეყრდნობა, მაგრამ მას მოქმედება შოტლანდიიდან მესინაში გადააქვს. და ბევრ ისეთ დეტალს თხზავს, რომელიც შექსპირის კომედიაში გვხვდება. მართალია, ბანდელოს ნოველა შექსპირის სიცოცხლეში არ თარგმნილა, მაგრამ ვარაუდობენ, რომ მას შეეძლო იგი წაეკითხა ან იტალიურად, ანდა ფრანგულად ფრანსუა ბელფორეს 1569 წელს გამოცემულ „ტრაგიკულ ისტორიებში“.
შექსპიროლოგები იმის შესახებაც მსჯელობდნენ, რომ „აურზაური არაფრის გამო“ შესაძლოა რომელიღაც ძველი, ან სულაც თითონ შექსპირის ადრეული, ჩვენთვის უცნობი პიესის გადამუშავებას წარმოადგენს. ამ ჰიპოთეზას რაიმე ფაქტოლოგიური მასალა არ ამაგრებს, მაგრამ არც იმის თქმა შეიძლება, რომ ასეთი ვარაუდი დაუშვებელი იყოს. შემორჩენილია ცნობა იმის შესახებ, რომ „ვაჭარ ტეილორის სკოლის ბიჭებს“ 1583 წელს სამეფო კარზე წარმოუდგენიათ პიესა „არიოტანტე და ჯენევორა“. ეს პიესა დაკარგულია, მაგრამ სათაურიდან ჩანს, რომ იგი ეყრდნობოდა არიოსტოს ან პიტერ ბევერლის პოემას. არსებობს ამ სიუჟეტის ცალკეული ელემენტების გამოყენების სხვა ცდებიც, მაგრამ არ შეიძლება დაბეჯითებით იმის თქმა, რომ რომელიმე მათგანი გამოყენებულია შექსპირის კომედიაში. ერთი რამ მაინც აშკარაა: ბეატრიჩესა და ბენედიქტის ხაზი, ისევე როგორც შინდისა და კვერთხის ეპიზოდები, მთლიანად შექსპირის შეთხზულია. ეს ხაზი და ეპიზოდები მხატვრულად ყველაზე ცოცხალი და საინტერესოა.
ქართული თარგმანი
რედაქტირებაკომედიის სათაურის ქართულად თარგმანის რამდენიმე ცდა არსებობს: ნიკო დადიანი თარგმნიდა — „დიდი ამბავი ტყუილ-უბრალოდ“, დავით ყიფიანი — „ტყუილ-უბრალოდ ვაი-ვაგლახი“, დაბოლოს, გავრცელებულია გივი გაჩეჩილაძის თარგმანი — „აურზაური არაფრის გამო“.
ლიტერატურა
რედაქტირება- უილიამ შექსპირი, თხზულებათა სრული კრებული ხუთ ტომად, რედ: ნიკო ყიასიშვილი, ტ. 3, გვ. 458-459 — „ხელოვნება“, თბილისი, 1987
- Charles T. Prouty, The Sources of "Much Ado About Nothing",New Haven: Yale University Press, 1950