ატენის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის წარწერა
ატენის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის წარწერა ან ვეჟან ატენელის წარწერა — ძველი ქართული ასომთავრული წარწერა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ატენის ეკლესიიდან, დაახლოებით VII-VIII საუკუნეებისა. წარწერა იპოვა ეკლესიაში, ჯვრის კვარცხლბეკზე ივანე ჯავახიშვილმა 1907 წელს.
წარწერა
რედაქტირებაწარწერა რვა სტრიქონიანია. ბოლოში მცირედ დაზიანებულია, მაგრამ შინაარსი კარგად იკითხება:
- ესე ჯ~ი ქტ~სჲ მე ვეჟან ატნლ მხ~ლნ
- აღვმართე შესავედრებელად და ს
- აჴსრად სულისა ჩემისა და
- ყ~ლთათჳს თავყუანისმცე
- მელთა ქ~ტჲსთა ქ~ტე ყ~ლნი შეგ
- ჳწყალენ ძ~თა ჯ~ია შ~ნჲთა ა~ნ
- ი~ყნ და რ~თა აღმოიკითხოთ მე ვე
- ...ლი ლოცვას მ...ნე
ანუ:
- ესე ჯუარი ქრისტეჲსჲ მე, ვეჟან ატენელ[მან] მამასახლისმან,
- აღვმართე შესავედრებელად და ს–
- აჴსრად სულისა ჩემისა და
- ყოველთათჳს თავყუანისმცე–
- მელთა ქრისტეჲსთა. ქრისტე, ყოველნი შეგ–
- ჳწყალენ ძალითა ჯუარისა შენისაჲთა, ამენ,
- იყავნ. და რომელთა აღმოიკითხოთ, მე, ვე[ჟან
- ცოდვი]ლი, ლოცვას[ა] მო[მიჴს]ენე[თ].
დათარიღება
რედაქტირებაივ. ჯავახიშვილი წარწერას ათარიღებს VII საუკუნის ბოლოთი, ან VIII საუკუნით, ნ. შოშიაშვილი - VIII საუკუნით.
დახასიათება
რედაქტირებაწარწერა საინტერესოა პალეოგრაფიული და ენობრივი თვალსაზრისით: ბ თავგახსნილია, ყ მხოლოდ ერთ შემთხვევაში არის თავგახსნილი.
ჲ ნახმარია /ი/-ს გამომხატველად: ქტ~სჲ. ქ~ტჲსთა უნდა გავხსნათ ასე: ქრისტეჲსითა, რაც წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ პირველი სტრიქონი ქტ~სჲ ქარაგმიანი ფორმა წავიკითხოთ როგორც ქრისტეჲსი. საინტერესოა აღვმართე, რაც მიღებულია აღვჰმართე ფორმისაგან ჰ-ს დაკარგვით. ეს წარწერა წარმოგვიდგენს ამ ტიპის ფორმებში ჰ-ს გაუჩინარების ყველაზე ადრინდელ ნიმუშს.[1]
ამ წარწერაში, ისევე როგორც სხვა ეპიგრაფიკულ ძეგლებში, დასტურდება დაქარაგმების უაღრესად საინტერესო შემთხვევები: მხ~ლნ = მამასახლისმან, ძ~თა = ძალითა, ჯ~ია = ჯუარისა.
ვეჟან ატენელის წარწერის მონაცემები კიდევ ერთხელ გვარწმუნებენ, რომ VIII საუკუნის ქართლის ცოცხალი მეტყველება ჰაემეტ ფორმებს უკვე აღარ იყენებდა.
მოსალოდნელი იყო:
- აღჰუმართე
- აღმოჰიკითხოთ
არის:
- აღვმართე
- აღმოიკითხოთ
ლიტერატურა
რედაქტირება- ივ. ჯავახიშვილი, ქართული დამწერლობათამცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, ტფ., 1926, გვ. 168
- ნ. შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, I, თბ., 1980, გვ. 106
- კორნელი დანელია, ზურაბ სარჯველაძე. ქართული პალეოგრაფია. თბ., 1997, გვ. 35–36
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ზ. სარჯველაძე, ქართული სალიტერატურო ენის შესავალი, თბ., 1984, გვ. 388