ასო (იაპონ. 阿蘇山) — მოქმედი სუპერვულკანი იაპონიაში, კუნძულ კიუსიუზე. სიმაღლე 1592 მ. ამოფრქვევათა რაოდენობით ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში. ცნობილია 70-მდე ამოფრქვევა. წარმოადგენს დიდ დამრეც ლავურ კონუსს ვრცელი ვულკანური კრატერით, რომლის შიგნით რამდენიმე ახალგაზრდა ვულკანური კონუსია აღმართული. კრატერში დასახლებული პუნქტები და სასოფლო-სამეურნეო მინდვრებია. ვულკანს გააჩნია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კალდერა, რომელიც გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან-სამხრეთისაკენ 25 კმ-ზე, ხოლო აღმოსავლეთიდან-დასავლეთისაკენ 18 კმ-ზე.[1] ვულკანი ასო მოქცეულია ასო-კუჯუს ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. ასოს ცენტრალური ჯგუფის კონუსი შედგება 5 პიკისაგან. ჩრდილოეთი კრატერი აქტიური იყო 70 წლის მანძილზე — 1974, 1979, 1984-1985, 1989-1991,[1] 2009 და 2011 წლებში. არის გეოთერმული წყაროები. კრატერი გადაკვეთილია გზებითა და რკინიგზის ხაზით. განვითარებულია ტურიზმი.