ასნოვა (რუს. АСНОВА; აბრევიაცია: Ассоциация новых архитекторов, "ახალ არქიტექტორთა ასოციაცია") — ავანგარდული არქიტექტურული ასოციაცია საბჭოთა კავშირში 1920-30-იან წლებში, რომლის წევრებს ზოგადად "რაციონალისტებს" უწოდებდნენ.

ასოციაცია 1923 წელს წამოიწყო ნიკოლაი ლადოვსკიმ, რომელიც ვხუტემასის მასწავლებელი და ინხუკის წევრი იყო, სხვა ავანგარდისტ არქიტექტორებთან, როგორიცაა ვლადიმირ კრინსკი, ერთად. ლადოვსკის მეთოდი, თუმცა უეჭველად მოდერნისტული, მაინც უფრო ინტუიციური იყო, ვიდრე ფუნქციონალისტური, და ნაწილობრივ გეშტალტის ფსიქოლოგიას ეყრდნობოდა. 1919 წელს ლადოვსკიმ არქიტექტურული რაციონალიზმი განსაზღვრა, როგორც "ფსიქიკური ენერგიის ეკონომია ნაგებობის სივრცული და ფუნქციონალური ასპექტების აღქმაში". ჯგუფის მკვლევარებზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ჰუგო მიუნსტერბერგის შრომებმა. ლადოვსკიმ 1926 წელს მიუნსტერბერგის ინდუსტრიული ფსიქოლოგიის თეორიის საფუძველზე ააგო ფსიქოტექნიკური ლაბორატორია. ზოგადად, ჯგუფი კონცენტრირებული იყო (როგორც ლადოვსკი იტყოდა) არქიტექტურასთან "ფსიქო-ორგანიზაციული" ეფექტების შექმნაზე: სკულპტურული მიდგომა, ფუნქიონალურის ნაცვლად, რაც ოსა-ს ჯგუფიდან "ფორმალიზმის" ბრალდებებს იწვევდა. ასნოვა და ოსა ერთმანეთთან ჩართული იყო პოლემიკაში ტერმინოლოგიის ირგვლივ და იმაზე, თუ ვის უფრო შეეფერებოდა "კონსტრუქტივიზმი".

ჯგუფმა მნიშვნელოვანი გავლენა მოიპოვა, როდესაც ელ ლისიცკი შუა 1920-იან წლებში მათი მხარდამჭერი გახდა და ასნოვას სიახლეების ჟურნალის პირველი ნომერის დიზაინი შექმნა 1926 წელს. ამასთან, იმ დროის ყველაზე განთქმული საბჭოთა მოდერნისტი არქიტექტორი კონსტანტინ მელნიკოვიც ჯგუფის წევრი იყო ერთი პერიოდი, ვინაიდან, მისი თქმით, ის ოსა-ს მეცნიერულ სიზუსტეს ამჯობინებდა ჯგუფის კონცენტრაციას აფექტზე და ინტუიციაზე. თუმცა მოგვიანებით მან და ილია გოლოსოვმა ჩამოაყალიბეს "ცენტრი" ჯგუფი ასნოვასა და ოსას შორის. ბერთოლდ ლუბეტკინი, უკეთ ცნობილი მისი შრომებისთვის ლონდონში, ასევე ასოცირებული იყო ამ ჯგუფთან ადრეულ წლებში. გიორგი კრუტიკოვის 1928 წლის "მფრინავი ქალაქი"" ასნოვას პროექტი იყო, რომელმაც ერთდროულად სახელი გაითქვა და ყმადაღებული გახდა მისი უკიდურესი უტოპიურობისთვის, სამეცნიერო ფანტასტიკის მოტივებით.

ასნოვას წევრები ნაყოფიერი იყვნენ ქაღალდის პროექტებსა და კონკურსებში, თუმცა იშვიათად თუ აუგიათ რაიმე. მისი წევრები მელნიკოვი და ლადოვსკის პირველი და მეორე ადგილით დაჯილდოვნდენ 1925 წლის პარიზის ექსპოზიციაზე საბჭოთა პავილიონისთვის. რამდენიმე განხორციელებული პროექტი შემორჩენილია ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. მათგან ყველაზე განთქმულია ლადოვსკის საცხოვრებელი კორპუსი ტვერსკაიას ქუჩაზე მოსკოვში (1929) და "სოციალური კონდენსატორის" სამზარეულოებისა და კომუნალური საცხოვრებლების სერია აგებული ლენინგრადში 1928-31 წლებში ასნოვას ჯგუფის მიერ, რომელშიც შედიოდნენ: ა. კ. ბარუჩევი, ი. ა. გილტერი, ი. ა. მეერცონი და ი. ო. რუბანჩიკი.

ასნოვა 1928 წელს გაიყო, როდესაც ლადოვსკიმ საკუთარი ჯგუფი "არუ" (არქიტექტორ-ურბანისტთა ასოციაცია) ჩამოაყალიბა, თუმცა მათ ასნოვასთან ერთობლივი პროექტი წარმოადგინეს საბჭოების სასახლის კონკურსისთვის. ჯგუფი საბოლოოდ დაიშალა 1932 წელს სხვა არტისტულ ასოციაციებთან ერთად.

ლიტერატურა

რედაქტირება