არჩილ მდივანი
არჩილ ბუდუს ძე მდივანი (დ. 30 ივნისი, 1911, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 13 სექტემბერი, 1937, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — საბჭოთა ჩოგბურთელი.
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. სახელი | არჩილ მდივანი |
ეროვნება | ქართველი |
დაბ. თარიღი | 30 ივნისი, 1911 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 13 სექტემბერი, 1937 |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
სპორტი | |
ქვეყანა | სსრკ |
სპორტი | ჩოგბურთი |
მწვრთნელი | იან ჰომერი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაერთ-ერთი უძლიერესი ჩოგბურთელი ქართული ჩოგბურთის ისტორიაში. 1934–1936 წლებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი წყვილთა თანრიგში ედუარდ ნეგრებეცკისთან ერთად. 1931–1936 წლებში შედიოდა სსრ კავშირის უძლიერეს ათეულში.
სსრ კავშირის ჩემპიონი „დინამოს“ გუნდის შემადგენლობაში. ლენინგრადის ოთხგზის ჩემპიონი (1932–1936). პირველი ქართველი სპორტის ოსტატი ჩოგბურთში (1936). ბავშვობიდან არჩილს მდივანს ავარჯიშებდა იან ჰომერი.
ცნობილი ბოლშევიკის ბუდუ მდივანის (1877–1936) ოჯახში გაზრდილმა არჩილმა, ბავშვობაში კარგი განათლება მიიღო, ფლობდა გერმანულ და ფრანგულ ენებს. ის იყო სწრაფი, გამძლე, რაც ხელს უწყობდა მისი თამაშის პროგრესს. 20-იანი წლების დასასრულს მარტო ედუარდ ნეგრებეცკის შეეძლო მისთვის მოეგო. 1932 წელს არჩილი და ედუარდი საცხოვრებლად ლენინგრადში გადავიდნენ (მაშინ ლენინგრადი საბჭოთა ჩოგბურთის ცენტრად ითვლებოდა). იწყება არჩილ მდივანის ნიჭის გაფურჩქვნის ხანა. წყვილი მდივანი-ნეგრებეცკი საბჭოთა ჩოგბურთის სიმბოლოდ იქცა.
თავის მოგონებებში ედუარდ ნეგრებეცკი წერს: „არჩილი ნამდვილი შოუმენი იყო. გულშემატკივართა გროვა ყოველთვის თან ახლდა. მისი თამაში საოცარი რამ იყო — სწრაფი, შთაგონებული, ის თამაშს არაჩვეულებრივ სანახაობას ანიჭებდა. კორტზე ის მდგრადი, შეუპოვარი, ცხოვრებაში კი რბილი, ღიმილიანი და იუმორით სავსე პიროვნება იყო. არჩილის დაკარგვის შემდეგ მე მყავდა სხვა პარტნიორები (ევგენი კუდრიავცევი, ნიკოლაი ოზეროვი, ევგენი კორბუტი), მაგრამ არჩილი ჩემთვის უბადლო და საუკეთესო იყო. 1936 წელს არჩილ მდივანი ბრუნდება თბილისში — აპატიმრებენ მამას. 1937 წელს მოსკოვში სასტუმრო „ЦСКА“-ში აპატიმრებენ არჩილს და 15 მაისს გაზეთი „Красный спорт“-ი წერდა: „საქართველოს ფიზკულტურის მუშაკთა აქტივზე სიტყვით გამოსულმა სპორტკომიტეტის თავმჯდომარე სემიონ მილშტეინმა გვაცნობა, რომ გაუვნებელყოფილია ხალხის მტერი — მავნებელი არჩილ მდივანი“.
ამონაწერი მისი „სისხლის სამართლის საქმიდან“: „სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 1957 წლის 5 ივლისის 4ნ-024887/56 განჩინებით სისხლის სამართლის საქმე მოქ. არჩილ ბუდუს ძე მდივანის მიმართ, დაბ. 1911 წელს თბილისში, რომელიც გასამართლებული იქნა სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელი სესიის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 58-8 (ტერორი) და 58-11 (ყოველგვარი ორგანიზებული ქმედება მიმართული დანაშაულის მომზადებისა და ჩატარებისათვის) მუხლებით 1937 წ. 13 სექტემბერს და მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა (დახვრეტა), წარმოებით შეწყდა მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის გამო და იგი რეაბილიტირებულია. განაჩენი შესრულდა 1937 წელს 13 სექტემბერს“.
ის მხოლოდ 26 წლის იყო. არჩილის მთელი ოჯახი განადგურებული იქნა — მამა ბუდუ, დედა ცუცუნია, ძმები გიორგი, ვანო, დავითი, და მერი. მისი ძმა შალვა, რომელიც მფრინავი-გამომცდელი იყო, 1933 წელს დაიღუპა თვითმფრინავის გამოცდის დროს. 1937 წლის ბოლოს დააპატიმრეს მწვრთნელი იან ჰომერი, რომელიც მხოლოდ 1955 წელს დაბრუნდა თბილისში.
სსრ კავშირის მრავალგზის ჩემპიონი, სპორტის დამსახურებული ოსტატი ევგენი კუდრიავცევის მიხედვით: „არჩილი დაბადებული იყო ჩოგბურთისთვის. როდესაც მე ის პირველად ვნახე კორტზე, მან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თბილისის სწრაფ კორტებზე აღზრდილი არჩილი ტოტალურ, შემტევ ჩოგბურთს ქადაგებდა. როდესაც 1961 წელს პირველად ვნახე ლიუ ჰოუდის (50–60 წლების გამოჩენილი ჩოგბურთელი) თამაში, მისი ტაქტიკით ჩაწოდება-გასვლა ბადესთან, მაშინვე არჩილი მომაგონდა, რომელიც ჯერ მაშინ, შორეულ 30-იან წლებში იყენებდა ამ ტაქტიკას. იმ დროს საზღვარგარეთ ოსტატობის დახვეწის შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, არჩილი თავისი უნიკალური მონაცემებით შეიძლება საერთაშორისო კლასის მოთამეშე გამხდარიყო“.
1937 წლის აპრილში მოსკოვში დააპატიმრეს, 13 სექტემბერს კი ტერორიზმის ბრალდებით გაასამართლეს და იმავე დღეს დახვრიტეს. რეაბილიტირებულია 1957 წელს. 2001 წელს 30 ივნისს სახლზე, სადაც ცხოვრობდა არჩილ მდივანი გაიხსნა მემორეალური დაფა წარწერით: „აქ ცხოვრობდა ლეგენდარული ქართველი ჩოგბურთელი არჩილ მდივანი“.
ლიტერატურა
რედაქტირება- Российский теннис – энциклозедиа под редакцией Б. Фоменко. Москва 1999
- ვლადიმერ გოგლიძე – ჩოგბურთი. თბილისი 2001
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- არჩილ მდივანის ს სრული ბიოგრაფია დაარქივებული 2013-05-08 საიტზე Wayback Machine. (ქართული ენა)