ართანის წმინდა გიორგის ეკლესია

ართანის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი. დგას სოფელ ართანის ჩრდილოეთით.

ართანის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი. დგას სოფელ ართანის ჩრდილოეთით, 500-იოდე მეტრზე, ტყიანი მთის ფერდობზე, დაბალი (სიმაღლე 1,2 მეტრი), ფიქლით ნაგები გალავნით შემოფარგლულ, პატარა (ფართობი დაახლოებით 100 მ²) ეზოში. სავარაუდოდ, თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით.

აღწერა რედაქტირება

ნაგებობა ორსართულიანია — კოშკისმაგვარი, ზემოთკენ სწორხაზოვნად ვიწროვდება და ორფერდა სახურავითაა დასრულებული (სიმაღლე მიწიდან სახურავის კეხამდე — 7 მეტრი). I სართული (ზომები ფუძის დონეზე 4,7 x 3,5 მეტრი) ყრუკედლებიანი სათავსია, II სართული — ეკლესიის შენობა ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. გარეთა კედლები შემთხვევითი ფორმის, სრულიად დაუმუშავებელი ქვებითაა ნაწყობი, რის გამოც წყობა არასწორხაზოვანია. ფასადის მხარეს ქვები ბრტყელი ზედაპირითაა მოქცეული. კედლების ზედაპირი (ძირითადად ქვედა ნახევარში) გასწორებულია წმინდა ბათქაშით, რომელიც ქვებს შორის დარჩენილ არეებს ავსებს და ნაწილობრივ, მათ ზედაპირებსაც ფარავს. შენობის ოთხივე კუთხე ამოყვანილია შირიმის, ნათალი ქვებით. გარდა ამისა, გამოყენებულია თხელი, კვადრატული აგური, რომლითაც ლავგარდანი და ეკლესიის შიდა გადახურვაა გამოყვანილი.

შესასვლელი მე-2 სართულის სამხრეთ კედელშია, მიწიდან 4 მეტრ სიმაღლეზე. კარის ღიობი აგურისა და შირიმის ქვებითაა გამოყვანილი. გადახურულია ქვით.

პირველი სართული შემაღლებული პროპორვიების, კამაროვანი სადგომია. სადგომის გადახურვის წყობაში ვიწრო, სწორკუთხა (45x45 სანტიმეტრი) ხვრელია დატანილი, რომლის მეშვეობითაც პირველი სართული მეორეს უკავშირდება. მეორე სართულზე მცირე ზომის, გეგმით კვადრატული ოთახია, რომელიც აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული (სადგომის ფართობი საკურთხევლიანად 5 მ2-მდეა) აფსიდში გაჭრილია ვიწრო, სწორკუთხა სარკმელი, რომელიც გარედან შირიმის მთლიან ქვაში გამოკვეთილი, ნახევარწრიული თაღითაა გადახურული. აფსიდი დასრულებულია ამორფული, სხმული კონქით. კონქის თაღი შეისრულია. ნაწყობია კვადრატული აგურით. შეისრულია კამარაც.

მოგვიანებით, შენობის ფუნქციის შეცვლისა და მისი სათავდაცვოდ გამოყენებისას, მეორე სართულის ინტერიერი რამდენადმე შეუცვლიათ: შესასვლელის წინ, მთელ სიმაღლეზე, რიყისა და ნატეხი ქვის სქელი კედელი ამოუყვანიათ, რომელშიც ვიწრო, თაღოვანი კარი მოუწყვიათ.

ფასადები სადაა. კედლები დასრულებულია საფეხურებად ნაწყობი ლავგარდნით (ჩამოშლილია დიდი ნაწილი), რომელიც შედგება კუთხით შვერილი და ჩვეულებრივად ნაწყობი აგურის, ორ-ორი რიგის მონაცვლეობით. სახურავი დაბურულია ბრტყელი და ღარისებრი კრამიტის კომბინირებული წყობით. პირველი რიგის, ბრტყელი კრამიტების კიდეები, გაფორმებულია ერთმანეთისგან მცირე ინტერვალებით დაცილებული, სამ-სამი, ნახევარწრიული ელემენტით, რომელთა ერთობლიობა, ლავგარდანთან ერთად, გვერდით ფასადებზე მკვეთრ, დეკორატიულ ქცენტს ქმნიდა.

გალავანი წრიული გამოხაზულობისაა. მისი დასავლეთ ნაწილში მოწყობილია ვიწრო შესასვლელი, რომელსაც გადახურვა ჩამოშლილი აქვს. ძეგლი მსგავსი ტიპის ნაგებობათა საინტერესო ნიმუშია.

ლიტერატურა რედაქტირება