ართანის ღვთისმშობლის ეკლესია (XIX საუკუნე)

ართანის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ ართანის ცენტრალურ ნაწილ

ართანის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ ართანის ცენტრალურ ნაწილში, მთავარი გზის პირას. თარიღდება XIX საუკუნით.

აღწერა რედაქტირება

ეკლესია დარბაზულია, აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული, შვერილი აფსიდით, რომელიც გარედან ხუთწახნაგოვანია (გარეთა ზომები ღერძებზე: სიფრძე — 12,7 მეტრი, სიგანე — 7 მეტრი). საკურთხეველი, როგორც შიგნიდან, ისე გარედანაც. დარბაზის გრძივი კედლებისგან განიერი მხრებითაა გამოყოფილი და დამოუკიდებელი სახურავი ხურავს. დასავლეთიდან ეკლესიას ეკვრის მცირე, გეგმით სწორკუთხოვანი (2,8 x 1,8 მეტრი) კარიბჭე. შენობა ნაგებია აგურით. შიგნიდან და გარედან შელესილია და შეთეთრებული. დგას ერთსაფეხურიან, ქვით ნაშენ ცოკოლზე. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი თარაზულადაა გადახურული. დარბაზი შემაღლებული პროპორციებისაა, გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც ორ შეკიდულ საბჯენ თაღს ეყრდნობა. მესამე თაღი კამარის დასავლეთ კიდეშია. ეს უკანასკნელი კუთხის პილასტრებზეა გადაყვანილი.

საკურთხევლის იატაკი დარბაზის იატაკის მიმართ ერთი საფეხურითაა შემაღლებული, რამდენადმე წინწამოწეულია და შუაში ნახევარწრიული ამბიონი აქვს მოწყობილი. საკურთხეველში ორი, მაღალი, ნახევარწრიულ თაღოვანი სარკმელი და სამი, თაღოვანი ნიშაა. დარბაზის გრძივი კედლების შუა ნაწილში ნახევარწრიულთაღიანი, ბრტყელი ნიშაა, რომელიცც იატაკის დონიდან იწყება და კედელს მთელ სიმაღლეზე ასევს. თითოეული ნიშის ღერძზე გაჭრილია თითო ფართო, მაღალი, თაღოვანი სარკმელი. ინტერიერს, ამ სარკმლების გარდა, კიდევ შვიდი, მრგვალი სარკმელიც აშუქებს. მათგან ორ-ორი — გრძივი კედლების ბოლოებშია, სამი — დასავლეთ კედელში (ამოშენებულია). დარბაზისა და თიხის მოზრდილი ზომიე, ექვსკუთხა ფილებითაა მოგებული.

ეკლესიის ფასადების დამუშავება, მხატვრული თვალსაზრისით, შედარებით უფრო დამახასიათებელია, ვიდრე შინაგანი სივრცისა. სამხრეთ ჩრდილოეთ და დასავლეთ ფასადები, ორ-ორი, მარტივი პილასტრით სამ-სამ, თანაბარ არედაა დაყოფილი, რომლებსაც ზემოდან, თანაბარი ინტერვალებით დაცილებული, ნახევარწრიული თაღების მწკრივი აგვირგვინებს.

პილასტრები საკურთხევლის შვერილის წიობების მთელ სიმაღლეზეა გამოყოფილი. ისინი წახნაგების ზედაპირზე მცირედ შეღრმავებულ არეებს საზღვრავენ, რომლებიც ზემოდან დანარჩენი არეების ანალოგირი თაღების მწკრივითაა დასრულებული. შენობის კედლები დაგვირგვინებულია მაღალი ლავგარდით. იგი შედგება ერთმანეთისგან მცირე მანძილით (დაახლოებით 25 სანტიმეტრით) დაცილებული, ორსაფეხუროვანი, ორი ზოლისგან, რომელთაგანაც ზედა, ფრონტონის ძირებთან, მცირე, ჰორიზონტალური შემონაკეცები აქვს. ანალოგიური პროფილის ლავგარდნითაა დასრულებული საკურთხევლის შვერილის კედლებიც.

ეკლესიის კარიბჭე ორფერდასახურავიანი, ამაღლებული პროპორციების მქონე, ვიწრო ნაგებობაა. კარიბჭის დასავლეთის ორივე კუთხეში თითო, სწორკუთხა ბურჯია ჩაწერილი. ბურჯებიდან ეკლესიის მიმარტლებით გადაყვანილია ნახევარწრიული ფორმის თაღები, რომლებივ ეკლესიის კედლიდან მცირედშვერილ, ორსაფეხუროვან იმპოსტებს ეყრდნობა. დასავლეთით კარიბჭე მთელ სიმაღლეზეა გახსნილი. ბურჯებით და თაღებით შექმნილ ამ კონსტრუქციას კამაროვანი გადახურვა აქვს. მისი ღერძი ეკლესიის გრძივი ღერძის მიმართულებას ემთხვევა.

ნაგებობის დასავლეთ ფრონტონის წვეროზე იდგა აგურით ნაშენი სამრეკლო — ვიწრო, ოთხწახნაგა ფანჩატური (შემორჩენილი იყო საფუძველი და კუთხის ერთი სვეტი). 2008 წელს, სოფლის მკვიდრის ს. ღონღაძის თაოსნობით, ეკლესიას ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები — აღადგინეს სამრეკლოს ფანჩატური (უხარისხოდ), ლავგარდნის ჩამოშლილი ნაწილები და ეკლესია თუნუქით გადახურეს.

ლიტერატურა რედაქტირება