არგოხის კოშკი — კოშკი ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სოფელ არგოხის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სასაფლაოზე განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

კოშკი გეგმით კვადრატულია (5,8 X 5,8 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. ფასადებზე აქა-იქ მოზრდილი ქვებიცაა გამოყენებული. კედლები შიგნიდან და გარედან შებათქაშებულია. ძეგლი დაზიანებულია: შემორჩენილია ოთხი სართული, ჩამონგრეულია სართულშუა გადახურვები, პირველი სართული სანახევროდ ნანგრევებითაა ამოვსებული.

I სართულზე შესასვლელი აღმოსავლეთ კედლის ჩრდილოეთ კიდეშია. კარი გადახურულია ერთმანეთზე კუთხით მიბჯენილი ორი ქვით. აღმოსავლეთ კედელში, გარდა კარისა, ერთი მცირე კვადრატული სარკმელია, რომელსაც ქვის თხელი ფილების ჰორიზონტალური გადახურვა აქვს. სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეში ერთი, ხოლო ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში ორი ნიშია.

II სართულზე, სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლებში, თითო მცირე კვადრატული სარკმელია. სამხრეთ სარკმლის ქვემოთ პატარა ნიშია. თითო ნიშია დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში. დასავლეთ კუთხეში პატარა ქვევრი ყოფილა ჩასმული (შემორჩენილია კვალი).

III სართულის, აღმოსავლეთ კედლის უმეტესი ნაწილი დანგრეულია. ჩრდილოეთ კიდეში შემორჩენილია მაღალი ღიობის წირთხლის ნაწილი. ჩრდილოეთ კედელში სამი პატარა ნიშია, დასავლეთ კედლის ჩრდილოეთ კიდეში - ერთი.

სართულშუა გადახურვა ხის ძელებზე ყოფილა გამართული (შემორჩენილია ბუდეები). სართულები ერთმანეთს მისადგმელი კიბით უკავშირდებოდა.

ლიტერატურა

რედაქტირება