აჟაპში
აჟაპში (აფხ. Ажьаԥшь[1] — „მოწითალო ყურძენი“) — ქართული აბორიგენული ვარდისფერყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საკმაოდ დიდია, მომრგვალო ან ოდნავ წაგრძელებული (გულის ფორმის), სამნაკვთანიანი, ზოგჯერ მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია თხელი აბლაბუდისებრი და ხშირი ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი მდედრობითი სქესისაა. მტევანი საშუალო ზომის აქვს, კონუსური, ზოგჯერ განიერკონუსური ფორმის. მხრიანი, თხელი, ზოგჯერ კი საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო. სიმწიფის დროს ღია-ვარდისფრიდან მუქ-ვარდისფერში გარდამავალი. კანი თხელი და მკვრივი აქვს. რბილობი კნატუნა, წვენი შეუფერავი, გემო ტკბილი და სასიამოვნო.
აჟაპში საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის დასაწყისში შედის. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 176-184 დღეა. მტევნის საშუალო წონა 130 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა — 5.0-6.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 22-24%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.2-8 გ/ლ-ს.
მიიღება სუფრის ღვინო, რომელიც მუქი ვარდისფერი შეფერვისაა, რბილი, საშუალო ექსტრაქტული, სასიამოვნო სიტკბოთი და კარგად გამოხატული არომატით.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 38
სქოლიო
რედაქტირება- ↑ жур. «Абаза», №2 (19), 01 декабря, 2015