აპაპნიჟი
აპაპნიჟი (აფხ. Апапыжь[1] — „პაპინის ყურძენი“), პაპუნია, კაპუნია, აპაპინიჟი, პაპინიჟი, პაპუნარიჟი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.
აფხაზეთში ჯიში ცნობილია, როგორც აპაპნიჟი, პაპუნია, პაპინიჟი, საქართველოს სხვა რეგიონებში კი კაპუნიას სახელით.
პაპინა (პაპუნა) მამაკაის სახელია, გადმოცემის თანახმად, სწორედ მან გაავრცელა აფხაზეთში ჯიში, რომელსაც მოგვიანებით მისივე სახელი „პაპინის ყურძენი“ უწოდეს. თუმცა სამეგრელოში ამავე ვაზს „პაპუნიას“ უწოდებენ. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ძალიან ძლიერია აპაპნიშის მსგავსება არა აფხაზურ ჯშებთან, არამედ სამეგრელოს შონურთან, აჭარულ ალმურა შავთან და ოდესღაც მთელ დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ ხარისთვალა კოლხურთან. მეცნიერები ვარაუდობენ რომ აპაპნიჟი აფხაზეთის ტერიტორიაზე სამეგრელოდანაა შეტანილი.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სუსტად დანაკვთული, სამნაკვეთიანი ან მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია ქეჩისებრად. ყვავილი მდედრობითი სქესისაა. მტევანი საშუალო ზომის აქვს, ცილინდრული, ზოგჯერ კონუსური ფორმის, ფრთიანი, კუმსი ან ძალიან კუმსი. მარცვალი მსხვილია, მომრგვალო, ზოგჯერ ბოლოშებრტყელებული, მუქი ლურჯი ელფერით. თხელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი საშუალო სიმკვრივისაა, წვენი — შეუფერავი, გემო — სასიამოვნო.
ვაზი საშუალო ზრდითა და კარგი მოსავლიანობით ხასიათდება. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 180-200 დღეა. მტევნის საშუალო წონა 100 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა — 6.0-8.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19.6%-ს, ხოლო მჟავიანობა — 10 გ/ლ-ს.
გამოიყენება სხვა ჯიშებთან ერთად კუპაჟში სუფრის ღვინის დასამზადებლად. ყურძნის გვიანი სიმწიფე და შენახვისუნარიანობა საშალებას იძლევა, რომ იგი ხანგრძლივად გამოიყენებოდეს სასუფრე ყურძნად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 38
სქოლიო
რედაქტირება- ↑ жур. «Абаза», №2 (19), 01 декабря, 2015