ანჩის ოთხთავი
ანჩის ოთხთავი, ანჩის სახარება — სახარების ხელნაწერი, რომელიც XII—XIII საუკუნეებითაა დათარიღებული და საქართველოს ეროვნული არქივში ინახება. ანჩის სახარება შესრულებულია ეტრატზე, ნუსხური დამწერლობით. სახარება წინა მხრიდან შეჭედილია ვერცხლით, შემკულია მწვანე მინით. წმინდა წიგნს ახლავს მათე მახარებლის ფერადი მინიატურა. თავდაპირველი ყდა, რომელიც დაკარგულია, მოჭედილი ყოფილა ბექა ოპიზრის მიერ. სახარება 269 გვერდისგან შედგება, მათ შორის 3 გვერდი დაუწერელია.
ხელნაწერს ბოლოში აქვს მინაწერი, სადაც სახარების გადამწერი ანჩელი მთავარეპისკოპოსი თევდორე მოიხსენიებს დავით სოსლანს, თამარ მეფეს, ლაშა-გიორგისა და ოქროსმქანდაკებელ ბექას.
ხელნაწერი წყაროსთავის ეკლესიიდან (კლარჯეთი) ჩამოუტანიათ თამარ მეფის ბრძანებით და ანჩისხატის ტაძარში დაუსვენებიათ. უნიკალური ისტორიული ძეგლის რესტავრაცია სულიერების, მეცნიერებისა და კულტურის აღორძინებისა და განვითარების სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა დააფინანსა 2008 წელს.
ამავე დროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ანჩის სახარებას გამოკვლევა ჩაუტარდა. ექსპერტიზის შედეგად დაზუსტდა სახარების გადაწერის პერიოდი და ტყავის გარეკანზე არსებული მწვანე თვალის სახეობა.
ანჩის სახარება 1923 წელს საისტორიო არქივისთვის წალკაში მცხოვრებ მოქალაქეს გადაუცია.