ანტონ ფრიდრიხ ბიუშინგი
ანტონ ფრიდრიხ ბიუშინგი (გერმ. Anton Friedrich Büsching) (დ. 27 სექტემბერი, 1724, შტადტჰაგენი, ქვემო საქსონია, გერმანია, — გ. 28 მაისი, 1793, ბერლინი) — გერმანელი გეოგრაფი, ისტორიკოსი, თეოლოგი.
1744-1748 წლებში თეოლოგიას სწავლობდა ჰალეს უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს ცხოვრობდა და მოღვაწეობდა კოპენჰაგენში, გეტინგენში, სანქტ-პეტერბურგში. 1766-1793 წლებში იყო ბერლინის „გრაუენ კლოსტერის“ გიმნაზიის დირექტორი. წლების განმავლობაში აგროვებდა მასალას ნაშრომისათვის „გეოგრაფიული აღწერილობა“, რომლის 11 წიგნი თვითონ გამოსცა ჰამბურგში 1754–1792 წლებში. ბიუშინგმა წვლილი შეიტანა გერმანიაში განათლების სისტემის გაუმჯობესებაში, ასევე გეოგრაფიული კვლევების სამეცნიერო საფუძვლების ჩამოყალიბებაში. ის თვლიდა, რომ გეოგრაფიულ მეცნიერებაში უპირატესობა უნდა მინიჭებოდა სტატისტიკურ ანალიზს და არა მხოლოდ აღწერილობით ინფორმაციას.
ბიუშინგს თავისი კაპიტალური გეოგრაფიული ნაშრომის სხვადასხვა წიგნში მიმოხილული აქვს კავკასია, ოსმალეთის იმპერია, სადაც ეხება საქართველოს გეოგრაფიას, ქართველთა ზნე-ჩვეულებებს. ქართველთა შესახებ ცნობებს ვხვდებით ნაშრომის XI წიგნშიც („აზიის სხვადასხვა ქვეყანა“). ხშირად აქვეყნებდა ცნობებს კავკასიის ხალხებზე, კერძოდ, ქართველებზე, თავის ჟურნალებში „ახალი დროის ისტორიის და გეოგრაფიის ჟურნალი“ („Magazin für die Historie und Geographie der neueren Zeit”, Hamb. Halle, 1767–1788) და „ყოველკვირეული ცნობები“ („Wöchentliche Nachritchen von neuen Landkarten, geogr.-statistischen und historischen Büchern”, B., 1773–1787).
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Neue Deutsche Biographie, B., 1957, Bd. 3, S. 3.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997.