ანტონ ნაცვლიშვილი

ანტონ რომანის ძე ნაცვლიშვილი (ნაცვალოვი; დ. 14 დეკემბერი, 1883 — ?) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი. რუსეთ-იაპონიისა და I მსოფლიო ომების მონაწილე. 1918-1921 წლებში იყო საქართველოს არმიის გენერალური შტაბის ოფიცერი, შემდეგ წითელ არმიაში ირიცხებოდა. 1930-იან წლებში რეპრესირებული იყო.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი, პავლეს სამხედრო სასწავლებელი (1903) და ნიკოლოზის საიმპერატორო სამხედრო აკადემია (I თანრიგით, 1912). სამხედრო სამსახურში 1901 წლიდან ირიცხებოდა. აღმოსავლეთ ციმბირის მე-18 მსროლელი პოლკის რიგებში მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში (1904-1905), შემდეგ მსახურობდა სამეგრელოს მე-16 გრენადერთა პოლკში. I მსოფლიო ომის დროს კაპიტნის ჩინით გადაიყვანეს გენერალურ შტაბში. მსახურობდა 52-ე ქვეითი დივიზიის შტაბის უფროს ადიუტანტად (1914-1915), მე-9 საარმიო კორპუსის შტაბის დავალებათა შტაბ-ოფიცრად (1915-1917), 168-ე ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად (1917). 1916 წელს მიიღო პოდპოლკოვნიკის, 1917 წელს — პოლკოვნიკის წოდება. 1917 წლიდან იყო ჯერ მე-2 ქართული მსროლელი დივიზიის, შემდეგ — ქართული ცხენოსანი ბრიგადის შტაბის უფროსი.

1918 წლიდან მსახურობდა ქართულ ჯარში, ასრულებდა არმიის შტაბის საველე გენერალ-კვარტიმაისტერის მოვალეობას, შემდეგ დაინიშნა სამხედრო სამინისტროს ოპერაციული-სამობილიზაციო განყოფილების უფროსად. 1919-1920 წლებში იყო საქართველოს სამხედრო ატაშე ბაქოში (აზერბაიჯანის გასაბჭოების დროს მცირე ხნით პატიმრობაში იყო), 1920-1921 წლებში — ჯერ ბათუმის ციხესიმაგრის შტაბის უფროსი, შემდეგ რუსეთის სფსრ-ში საქართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის სამხედრო მრჩეველი. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ წითელ არმიაში განაგრძო სამსახური. ირიცხებოდა წითელი არმიის გენერალური შტაბის აკადემიის განკარგულებაში. 1922-1923 წლებში იყო სტრატეგიასა და ტაქტიკაში პრაქტიკული მეცადინეობების ხელმძღვანელი. 1930 წელს დააპატიმრეს კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით. 1933 წლამდე იმყოფებოდა „შრომით გამოსასწორებელ ბანაკებში“ მორდვეთში, შემდეგ კომის ოლქში. 1940-იან წლებში გადასახლებაში ცხოვრობდა პერმის ოლქში, სადაც სკოლაში ასწავლიდა მათემატიკას.

დაჯილდოებული იყო წმ. ანას IV (1905), III (1912; ბაბთითა და ხმლით, 1915) და II (ხმლებით, 1916), წმ. სტანისლავის III (ხმლებითა და ბაბთით, 1905) და II (ხმლებით, 1915), წმინდა ვლადიმერის IV (ხმლებითა და ბაბთით, 1915), გიორგის იარაღით (1917, ქ. იასლოსთან 1915 წლის 21 აპრილის ბრძოლაში თავის გამოჩენისთვის).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება