ანტიკორუფციული ბიურო
ანტიკორუფციული ბიურო — საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც 2022 წლის 15 დეკემბერს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე შეიქმნა.[1] რეფორმამ გააერთიანა კორუფციის პრევენციის მექანიზმები ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტის ქვეშ. ბიურო შეიქმნა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული მე-4 პრიორიტეტული ამოცანის საფუძველზე.
ანტიკორუფციული ბიურო | |
უწყების შესახებ | |
---|---|
შეიქმნა | 15 დეკემბერი, 2022 |
უწყების ხელმძღვანელი | რაჟდენ კუპრაშვილი, ბიუროს უფროსი |
უწყების ტიპი | საჯარო სამართლის იურიდიული პირი |
ზემდგომი უწყება | საქართველოს პარლამენტი |
საიტი | |
acb.gov.ge |
ანტიკორუფციული ბიურო თავისი მანდატის ფარგლებში აერთიანებს კორუფციის პრევენციის ყველა ძირითად ფუნქციას. მისი მუშაობის ძირითადი ასპექტი მოიცავს ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავებას შესაბამის უწყებებთან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან და აკადემიურ წრეებთან მჭიდრო კოორდინაციით; პოლიტიკის განხორციელების ზედამხედველობასა და საჭირო რეკომენდაციების გაცემას.
ბიურო თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. ანტიკორუფციულ ბიუროს ხელმძღვანელობს ბიუროს უფროსი, რომელსაც ჰყავს ორი მოადგილე. ბიუროს უფროსი შეირჩევა დამოუკიდებელი კომისიის მიერ და შემდეგ ინიშნება პრემიერ-მინისტრის მიერ 6 წლის ვადით. ბიუროს მოქმედი ხელმძღვანელია რაჟდენ კუპრაშვილი.[2][3]
ძირითადი ფუნქციები
რედაქტირებაკანონმდებლობის თანახმად, ანტიკორუფციული ბიურო:[4]
- შეიმუშავებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრასთან დაკავშირებულ წინადადებებს და მათ საქართველოს პარლამენტს წარუდგენს;
- შეიმუშავებს საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის პროექტს და მას დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარუდგენს;
- კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის, საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით კოორდინაციას უწევს შესაბამისი ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას;
- ზედამხედველობას უწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის, საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულებას, მათი შესრულების მიზნით შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს და გასცემს სათანადო რეკომენდაციებს;
- შეიმუშავებს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის შესახებ შესაბამის წინადადებებს, ამ საკითხებზე გასცემს სათანადო რეკომენდაციებს და კანონის შესაბამისად ახორციელებს ამ სფეროსთან დაკავშირებულ სხვა სათანადო ღონისძიებებს;
- კანონის შესაბამისად უზრუნველყოფს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღებას, მისი შევსებისა და ჩაბარების კონტროლს, მის შენახვას, მონიტორინგსა და საჯაროობას და ამ სფეროში სხვა სათანადო ღონისძიებების განხორციელებას;
- შეიმუშავებს მამხილებლის დაცვის ღონისძიებათა გაუმჯობესების შესახებ შესაბამის წინადადებებს, მამხილებლის დაცვის საკითხებზე გასცემს სათანადო რეკომენდაციებს და კანონის შესაბამისად ახორციელებს ამ სფეროსთან დაკავშირებულ სხვა სათანადო ღონისძიებებს;
- კანონის შესაბამისად ახორციელებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პოლიტიკური პარტიის), საარჩევნო სუბიექტისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს და ამ სფეროსთან დაკავშირებულ სხვა სათანადო ღონისძიებებს;
- იკვლევს და აანალიზებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებსა და გამოცდილებას, საქართველოსა და სხვა ქვეყნების გამოცდილებას, მათ სამართალს და შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიდგომებს, მოსაზრებებსა და დასკვნებს;
ხელს უწყობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას, მათ შორის, სათანადო საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებას;
- წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 31 მარტისა, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს წლიურ ანგარიშს ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებებისთვის მიკუთვნებული საკითხების შესახებ; თავისი ინიციატივით ან ანტიკორუფციული უწყებათაშორისი საბჭოს მოთხოვნით ანტიკორუფციულ უწყებათაშორის საბჭოს წარუდგენს პერიოდულ ანგარიშს ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებებისთვის მიკუთვნებული საკითხების თაობაზე.
ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად, კანონის შესაბამისად, სათანადო სუბიექტებისგან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია, ითანამშრომლოს შესაბამის ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა სუბიექტებთან, განახორციელოს სათანადო ვიზიტები როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე საზღვარგარეთ, შექმნას შესაბამისი სამუშაო ჯგუფები და განახორციელოს სხვა ღონისძიებები (აქტივობა).
ბიუროს მანდატი სრულად ამოქმედდა 2023 წლის პირველი სექტემბრიდან.