ანრი I (ნავარა)
ანრი I ნავარელი (ფრანგ. Henri Ier de Navarre, ბასკ. Henrike I.a Nafarroakoa), მეტსახელად მსუქანი (ფრანგ. le Gros, ბასკ. Gizena; დ. 1244 — გ. 22 ივლისი, 1274) — ბლუელთა დინასტიის წარმომადგენელი. ნავარის მეფე თეობალდ I-ის ვაჟი და თეობალდ II-ის ძმა. ნავარის მეფე, შამპანისა და ბრიეს გრაფი 1270-74 წლებში. საფრანგეთისა და ნავარის დედოფალ ჟანა I-ის მამა.
ანრი I | |
---|---|
ნავარის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 4 დეკემბერი, 1270 |
მმართ. დასასრული: | 22 ივლისი, 1274 |
წინამორბედი: | თეობალდ II |
მემკვიდრე: | ჟანა I |
სხვა წოდებები: | შამპანის გრაფი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1244 |
გარდ. თარიღი: | 22 ივლისი, 1274 |
მეუღლე: | ბლანშ არტუელი |
შვილები: |
თეობალდი ჟანა I, ნავარის დედოფალი |
მამა: | თეობალდ I, ნავარის მეფე |
დედა: | მარგარიტა დე ბურბონი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაანრი დაიბადა 1244 წელს. იგი იყო ნავარის მეფე თეობალდ I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარგარიტა დე ბურბონის უმცროსი ვაჟი. 1253 წელს მეფე თეობალდ I გარდაიცვალა, ტახტზე კი მისი უფროსი ვაჟი თეობალდ II ავიდა. ანრის ბავშვობისა და ყმაწვილობის წლებმა მთლიანად მისი ძმის ჩრდილში განვლო. 1269 წელს ანრი დააქორწინეს ფრანგ დიდგვაროვან ქალბატონ ბლანშ არტუელზე, რომელიც საფრანგეთის მეფე ლუი VIII-ის შვილიშვილი იყო.
მას შემდეგ, რაც თეობალდ II-ის უნაყოფობა საბოლოოდ დადასტურდა, ნავარის ტახტის მემკვიდრედ ოფიციალურად გამოაცხადეს ანრი. 1270 წლის დეკემბერში თეობალდი უშვილოდ გარდაიცვალა, რის გამოც ნავარის მეფედ ანრი I გვევლინება. გარდა ნავარისა, მან მემკვიდრეობით შამპანისა და ბრიეს საგრაფოებიც მიიღო. 1271 წლის 1 მარტს პამპლონას საკათედრო ტაძარში ის და მისი ცოლი ნავარის მეფე-დედოფლად ეკურთხნენ. მისი, როგორც მეფის პირველი ნაბიჯი იყო მეზობელი საფრანგეთის მეფე ფილიპ III-ისთვის შამპანის საგრაფოს სუვერენულ სახელმწიფოდ ცნობა, რის გამოც იგი ცოლთან ერთად საფრანგეთში წავიდა.
როდესაც ანრი ტახტზე ავიდა, ამ დროს ნავარაში ეკონომიკური კრიზისი იყო, ამიტომაც იგი ყველანაირად ცდილობდა შედარებით უფრო ნაყოფიერი მიწების მოერთებას. ინგლისელთა დახმარებით იგი ფრანგებს გასკონიაზეც ედავებოდა. 1266 წელს პრივილეგიები მიიღო ქალაქ ესტრელაზე, ლოს აკროსა და ვიანაზე. ამის შემდეგ იგი მშვიდობის მფარველად იქცა. მას ძალიან მოსწონდა მშვიდი ცხოვრება და მზად იყო მშვიდობა შეენარჩუნებინა, ნებისმიერ ფასად.
1270 წელს იგი კასტილიის მეფე ალფონსო X-ის ამბოხებულ ძმას ეხმარებოდა, იმ იმედით, რომ მისი გამეფების შემთხვევაში კასტილია ნავარას მის წართმეულ მიწებს დაუბრუნებდა. იგი 1272 წლიდან ცდილობდა კასტილიასთან ალიანსის შექმნას, რაც მისი ვაჟის, თეობალდისა და კასტილიის მეფის ასულ ვიოლანტას ქორწინებით უნდა მოხერხებულიყო, თუმცა მოულოდნელად თეობალდი დაიღუპა. ამის შემდეგ ანრის თავის ერთადერთ მემკვიდრედ საკუთარი ასულიღა დარჩა. ანრი I 1274 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტზე მისი ქალიშვილი ჟანა I ავიდა, რომელიც საფრანგეთის მეფე ფილიპ IV-ზე იყო დაქორწინებული, რასაც ნავარის დროებით საფრანგეთთან მიერთება მოჰყვა შედეგად.
ლიტერატურა
რედაქტირება- Alighieri, Dante (2003). Durling, Robert M. (ed.). The Divine Comedy of Dante Alighieri : Volume 2: Purgatorio. Oxford University Press.
- Evergates, Theodore (2007). The Aristocracy in the County of Champagne, 1100-1300. University of Pennsylvania Press.
- Gee, Loveday Lewes (2002). Women, Art, and Patronage from Henry III to Edward III: 1216-1377. Boydell & Brewer.
- Kinkade, Richard P. (1992). Alfonso X, Cantiga 235, and the Events of 1269-1278. Speculum. Vol. 67.
- Procter, Evelyn S. (1980). Curia and Cortes in León and Castile 1072-1295. Cambridge University Press.
- Woodacre, Elena (2013). The Queens Regnant of Navarre: Succession, Politics, and Partnership, 1274-1512. Palgrave Macmillan.