ანდრიაწმინდის წმინდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესია

ანდრიაწმინდის წმინდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდაში, სასაფლაოზე. აგებულია X საუკუნეში.

არქიტექტურული აღწერა

რედაქტირება

ეკლესია (გარე ზომები 4,74X8,22 მ.) ნაგებია კარგად გათლილი სხვადასხვა ტონალობის მოწითალო ან ჟანგისფერი ტუფით და ქვიშაქვის კვადრებით. ეკლესიაში თავდაპირველად ორი შესასვლელი იყო, ერთი სამხრეთიდან და მეორე დასავლეთიდან, ეს უკანასკნელი მოგვიანებით ამოუშენებიათ. ეკლესია ორი-აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარკმლებით ნათდება (ქართული ხუროთმოძღვრებისათვის უჩვეულოა გრძივი კედლები სარკმლების გარეშე).

ტაძრის ფასადები მარტივია, თვალში გვხვდება კარგად დამუშავებული და სწორ რიგებად დაწყობილი საკმაოდ დიდი ზომის ტუფის სხვადასხვა ფერის კვადრები. ორივე კარი გარედან არქიტრავითაა დასრულებული, შიდა მხრიდან კი თაღითაა გადახურული. ეკლესიის დარბაზი ორი სარკმლით ნათდება. ცილინდრული კამარით გადახურული დარბაზის სივრცე სადაა, სრულდება აღმოსავლეთით აფსიდით.

ეკლესიის ფასადებზე ერთადერთი შემორჩენილი დეკორი დასავლეთის სარკმლის თავსართია. კვადრატული მოხაზულობის ტუფის ქვაზე, ჩაწეული ფონით, მოჩარჩოება და ჯვარია გამოკვეთილი. სავარაუდოდ მოპირკეთება საკურთხევლის სარკმელსაც ექნებოდა, მაგრამ დაკარგულია და მთელი სარკმლის ღიობი ახლადგათლილი ქვითაა ამოყვანილი. ფასადებს წრეთარგითა და თაროთი შედგენილი კარნიზები ასრულებს. სახურავი კრამიტითაა შემოსილი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მარსაგიშვილი გ., ანდრიაწმინდის წმინდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესია, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია, თბ., 2013, გვ. 495