ანდრეას კაპელანი (ლათ. Andreas Capellanus, ინგლ. Andrew the Chaplain, ფრანგ. André le Chapelain) — მე-12 საუკუნის ავტორი, საფრანგეთის სამეფო კართან დაახლოებული პირი. ავტორია შუა საუკუნეების ეთიკური თხზულებისა: „De Amore“ („სიყვარულის შესახებ“), ან უფრო ვრცელი სახელწოდებით: „De Arte Honeste Amandi“ („რაინდული სიყვარულის ხელოვნება“). ანდრეას კაპელანის ცხოვრების შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ წარმოშობით სავარაუდოდ საფრანგეთიდან იყო და მსახურობდა საფრანგეთის სამეფო კარზე.

ანდრეას კაპელანი
ფრანგ. André le Chapelain
დაბადების თარიღი 1150[1]
გარდაცვალების თარიღი 1220[1]
საქმიანობა ფილოსოფოსი და მწერალი
ენა ლათინური ენა
მოქალაქეობა საფრანგეთი
Magnum opus De amore

შემოქმედება

რედაქტირება

ეთიკური თხზულება „De Amore“ სავარაუდოდ 1186–1190 წლებშია შექმნილი ელეონორ აკვიტანიელისა და საფრანგეთის მეფე ლუი VII-ის ქალიშვილის, მარიამ შამპანელის, მოთხოვნით. მასში მოცემულია კურტუაზული სიყვარულის ძირითადი ასპექტები და განხილულია რამდენიმე ძირითადი საკითხი, რომლებიც რაინდული სიყვარულის მოთხოვნებს, პარტნიორულ ურთიერთობასა და სექსუალურ კავშირს ეხება.

„De Amore“ შედგება სამი წიგნისაგან. პირველ წიგნში მოცემულია სიყვარულის ეტიმოლოგია და განმარტება, რაც აკადემიური ლექციის სტილშია გადმოცემული. მეორე წიგნში სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობს დიალოგი და განხილულია საკითხი, თუ როგორ მიმდინარეობს სასიყვარულო პროცესი სხვადსახვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებს შორის. მესამე წიგნში განხილულია კურტუაზული სიყვარულის ძირითადი თავისებურებები.

ანდრეას კაპელანი შუა საუკუნეების ერთ-ერთ ყველაზე დიდ მორალისტადაა აღიარებული,[2] თუმცა ამის საწინააღმდეგოდ მისთვის სიყვარულის კეთილშობილური ფორმაა ადიულტერი და არა — ოჯახური იდილია. კაპელანისთვის ცოლქმრული სიყვარული არ შეიძლება ჭეშმარიტი იყოს იქიდან გამომდინარე, რომ იგი მოიცავს მოვალეობისა და აუცილებლობის ელემენტებს: „სიყვარული, რომელიც ყოველივე მშვენიერისა და საუკეთესოს წყაროა, ამავე დროს, არის მანდილოსნის მიერ გაცემული ჯილდოც. მაგრამ მხოლოდ საუკეთესოთა საუკეთესოს ძალუძს ჯილდოს გაცემა. ცოლი კი არ არის და არც შეიძლება იყოს საუკეთესო. ქალს მხოლოდ მაშინ შეუძლია გახდეს სიყვარულისა და სილამაზის დედოფალი, თუკი სხვისი ცოლია. როგორ შეძლებს მანდილოსანი, რომლის ძირითად მოვალეობასაც ქმრის მორჩილება შეადგენს, გახდენს midons, ანუ ყველა რაინდული ორთაბრძოლისა თუ საგმირო საქმის შთამაგონებელი არსება?“[3]

ამავე თხზულებაში ანდრეასი საუბრობს ჭეშმარიტი სიყვარულისა და ავხორცობის ურთიერთმიმართების შესახებ. მისთვის სიყვარული ამაღლებული ფორმაა, რომელშიც შედის ღვთისმოშიშებისა და უბიწოებისადმი მოწიწების ელემენტები: „ზოგიერთი უგუნური თავს იწონებს სატრფოს წინაშე ეკლესიის უგულებელყოფით. ამგვარი პიროვნება უძლურია შეიგრძნოს სიყვარულის მაცოცხლებელი ძალა“.[4]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118502905 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. ელბაქიძე მ., ვეფხისტყაოსნის პოეტიკის საკითხი შუასაუკუნეების ფრანგულ სარაინდო რომანთან ტიპოლოგიურ მიმართებაში, თბ. 2005, გვ. 34.
  3. Lewis C. S., The Allegory of Love, Oxford University Press, London, Oxford, New York, 1973, P. 34
  4. Lewis C. S., The Allegory of Love, Oxford University Press, London, Oxford, New York, 1973, P.40