ანგმარი
ანგმარი — ბნელი სახელმწიფო ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში, შუახმელეთის ჩრდილო-დასავლეთში, რომელიც ჩამოყალიბდა მესამე ეპოქის 1300 წელს, ნისლიანი მთებისა და ანგმარის ქედს შუა, უზენაესი ნაზგულის მიერ.
დაახლოებით 1300 წელს ნაზგულთა მეთაური ჩრდილოეთში წავიდა, რათა შეექმნა სამეფო, რომლითაც ჩრდილოეთ დუნედაინების სახელმწიფო, არნორს ერთხელ და სამუდამოდ გაავლებდა მუსრს.
ნაზგულთა მეთაურმა შეკრიბა მთის ორკები, ტროლები, განდგომილი დუნედაინები და სხვა, გაცილებით ბნელი და სასტიკი არსებები, იქ ჩამოაყალიბა სახელმწიფო და იწოდა გრძნეულ მეფედ. მისი სატახტო ქალაქი კარნ დუმი გახდა, რომელიც ნისლიანი მთების უკიდურეს ჩრდილოეთ კალთებში მდებარეობდა.
დაახლოებით იგივე დროს, როცა ანგმარი ჩამოყალიბდა, არნორში სამოქალაქო ომები მძვინვარებდა, რამაც დუნედაინთა ჩრდილო სამეფო სამ დამოუკიდებელ სამმართველოდ დაყო. ესენია ართედაინი, რუდაური და კარდოლანი. რუდაური პირველი იყო, სადაც გრძნეულმა მეფემ გაილაშქრა, მან დაამარცხა დუნედაინების მეფე და მის მაგივრად ველური მთიელი გაამეფა, რომელიც მას ემორჩილებოდა თავის ხალხთან ერთად. რუდაური მთლიანად ემორჩილებოდა ანგმარს და 1356 წელს ართედაინს დაარტყა. ბრძოლაში მეფე არგელებ I დაეცა.
მიუხედავად დანაკლისისა, ართედაინი გადარჩა კარდოლანის დახმარებით, მისი საზღვარი რუდაურთან, დარის გორაკების ქედზე გადიოდა. შემდეგი ორმოცდაათი წლის განმავლობაში, რუდაურმა თავისით შეწყვიტა არსებობა, ხოლო ანგმარი იმდენად გაძლიერდა, რომ კარდოლანი მთლიანად ააოხრა და გაანადგურა (ეს 1409 წელს მოხდა), ამით ართედაინი დარჩა დასავლელ კაცთა უკანასკნელ სამეფოდ ერიადორში. შემდგომ 500 წლის განმავლობაში, დაუნდობელი ბრძოლები მიმდინარეობდა ანგმარსა და ართედაინის შორის, ეს უკანასკნელი კი უფრო და უფრო სუსტდებოდა და დახმარება გონდორის სამეფოს სთხოვა, რომელიც ამავე დროს მისი ძლიერების ზენიტზე იყო, მაგრამ, თავად ჰყავდა მტერი გადაკიდებული, კერძოდ აღმოსავლეთიდან წამოსული მეურმეები, ამიტომ დახმარება ვერ მოდიოდა მოძმე სახელმწიფოდან. მესამე ეპოქის 1974 წელს გრძნეულმა მეფემ ხელახლა შეუტია ართედაინს, ამჯერად მის დედაქალაქზე, ფორნოსტზე მიიტანა იერიში და დაუნდობელი ბრძოლის შემდეგ ქალაქი დაიკავა და ისე ააოხრა, რომ ნანგრევების გარდა აღარაფერი შემორჩა. რასაკვირველია, ასეთ დარტყმას ვეღარ გაუძლო ართედაინის სამეფომ და არსებობა შეწყვიტა. უკანასკნელი მეფე, არვედუი, ფოროხელში გაიხიზნა, სადაც იქაურმა თოვლის ხალხმა დახმარება გაუწია, რის გამოც არვედუიმ მათ ბარაჰირის ბეჭედი უბოძა.
როცა უფლისწულმა არანართმა გაიგო მამამისის ადგილსამყოფელის შესახებ, გემები გააგზავნინა კირდანს, რათა მეფე არვედუი გადაერჩინათ, მაგრამ გემი, რომელშიც ის იმყოფებოდა, ჩაიძირა, მასთან ერთად კი – ანუმინასისა და ამონ სულის პალანტირები.
მოგვიანებით, 1975 წელს, ჩამოვიდა გონდორის ჯარი ართედაინში, უფლისწულ ეარნურის ხელმძღვანელობით, მაგრამ ზედმეტად გვიანი იყო. მან შეკრიბა ჯარი, დაიმატა ლინდონელი ელფები, ასევე შუაველელი ელფები, რომელთაც გლორფინდელი მეთაურობდა და იერიში მიიტანა ანგმარზე. ბრძოლა ფორნოსტში გაჩაღდა. იქ აგრეთვე მშვილდოსანი ჰობიტებიც მონაწილეობდნენ, ისინი მაზრიდან გაგზავნეს დასახმარებლად. გამარჯვება თავისუფალ ერებს დარჩათ. ანგმარის ჯარები დაიშალა და მუსრი გაევლო, თუმცა გრძნეული მეფე ვერ მოკლეს, იგი ჩრდილოეთით, კარნ დუმისკენ გაიქცა, გზაში ეარნური აეკიდა, მაგრამ როცა პირისპირ დადგნენ, მისი ცხენი დაფრთხა და გაიქცა, რაზეც იგი აბუჩად აიგდო ნაზგულმა. საბოლოოდ გლორფინდელის დახმარებით გრძნეული მეფე გააქციეს. სწორედ მაშინ იწინასწარმეტყველა გლორფინდელმა, რომ გრძნეული მეფე მამაკაცის ხელით არ განიგმირებოდა. ეს წინასწარმეტყველება ახდა ბეჭდის ომის დროს („მეფის დაბრუნება“), როდესაც ეოვინმა გრძნეული მეფე გაანადგურა.
ამით ანგმარმა შეწყვიტა არსებობა, გრძნეული ხელმწიფე მორდორში გაიქცა, თუმცა შეასრულა, რაც იყო დაგეგმილი - მან გაანადგურა არნორის სამეფო და ადამიანთა წინააღმდეგობა შეასუსტა. ჩრდილოელი დუნედაინები ვეღარ შეძლებდნენ ახალი სახელმწიფოს შექმნას, ისინი მოლაშქრეები გახდნენ და ერიადორის ველებზე, მათ სამეფოს ნანგრევებზე მომთაბარეობდნენ.
ამის შემდეგ დიდ ხანს აღარ გამოჩენილა გრძნეული მეფე, იგი მინას მორგულში იმყოფებოდა და სანამ ახალი დავალება არ მიიღო, რომ ბეჭედი ეპოვა მაზრაში, მანამდე არ გამოსულა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ანგმარი. არდის ენციკლოპედია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-12. ციტირების თარიღი: 2017-11-22.
- ანგმარი — საიტზე Tolkien Gateway