ანბანდიდი სახარება

ოთხთავი, IX საუკუნე (საქართველოს ეროვნული არქივის ფონდი #1446, ხელნაწერი #107) 192 ფურცელი; ეტრატი; ზომა: 317x237; ასომთავრული; მელანი – ყავისფერი, გამშვენებული საზედაო გრაფემები შიგადაშიგ – სინგურით; ზოგან ნაწერი გაცხოველებულია; თავიდან ბოლომდე ნაწერი ასომთავრულით, ორ სვეტად; ზედა არშიები ნაწილობრივ მოჭრილია ისე, რომ დაკარგულია ზედა რვეულებრივი აღრიცხვის კვალი. კარგად ჩანს განკანონების ხაზები და წერტილები. ხელნაწერს ნაწილობრივ შემორჩენილი აქვს ყდის დაფები; ატყვია ადრინდელი – ტყავის საკეტების კვალი; აქვს ტყავის დასამაგრებელი ხის სოლები.

ანბანდიდი სახარება, IX საუკუნე
ანბანდიდი სახარება, IX საუკუნე. გოლგოთის ჯვარი

ხელნაწერი გრაფემათა განსაკუთრებული სიდიდის გამო სამეცნიერო წრეებში ცნობილია ანბანდიდი სახარების სახელით. ანბანდიდი სახარება უძველეს ქართულ ხელნაწერთა სულ რამდენიმე ნიმუშს შორისაა, გამოირჩევა შესრულების სისადავის, დახვეწილობის, სიძველის, ტექსტის რედაქციულობის, მატერიალური და სულიერი ღირებულების თვალსაზრისით.

ხელნაწერის გაფორმებას მკაცრად ორგანიზებული ჩარჩო, ხელნაწერში ჩართული გოლგოთის ჯვარი (96r), დეკორირებული და სინგურით შემკული საზედაო გრაფემები, აქცენტირებული დასასრულები წარმოადგენს.

ანბანდიდი სახარება ოთხთავის შემცველ იმ იშვიათ ხელნაწერთა რიგშია (ოპიზის (913 წ.), ჯრუჭის (936 წ.), პარხლის (973 წ.), თევდორესი (X ს.) და გაბრიელ პატარაის (X ს.)) , რომლებიც თავიდან ბოლომდე ნაწერია ასომთავრულით. გაუხეშებულ, დალაქავებულ, თუმცა დღემდე მაინც კარგად მოღწეულ ეტრატის ხელნაწერს საკმაოდ დიდ გეოგრაფიულ სივრცეში მოგზაურობის კვალი ეტყობა. სახარება ჩვენი ინტელექტუალური საგანძურის უძვირფასეს ნაწილს წარმოადგენს და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ზოგადად ხელნაწერის ისტორიის შესწავლის საქმეში.

ხელნაწერს შიგადაშიგ ახლავს XVII-XVIII სს.-ში შესრულებული მინაწერები, ხოლო ბოლოში დართული აქვს საკმაოდ მოზრდილი სულთა მატიანე, რომელიც გვიან შუა საუკუნეებს განეკუთვნება და ჯერ კიდევ შესწავლას მოითხოვს.

ანბანდიდი სახარება მსოფლიო კულტურის მონაპოვარია და ხელნაწერი წიგნის განვითარების უმნიშვნელოვანეს საფეხურს წარმოადგენს. უდიდესია მისი როლი უძველესი თარგმანებისა და დეკორირების ელემენტების განვითარების ისტორიაშიც.

ხელნაწერი 2015 წელს იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრი. საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ხელნაწერები“. თბილისი, 2016. რედაქტორ-შემდგენელი ქეთევან ასათიანი.
  • „ქართული მოხატული ხელნაწერები და ისტორიული საბუთები“. თბილისი, 2016. რედაქტორ-შემდგენელი ქეთევან ასათიანი.
  • „ანბანდიდი“, სახარება-ოთხთავის IX საუკუნის ხელნაწერი. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა მანანა მაჩხანელმა. თბილისი, 2010.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება