ანა ჩხიკვაძე
ანა ესტატეს ასული ჩხიკვაძე-ენა (რუს. Анна Евстафевна Ена; დ. 1910, მაკეევკა — გ. 5 ოქტომბერი, 1988, თბილისი) — საბჭოთა მხატვარი, დეკორატორი. საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1935 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე. 1938 წელს იგი სწავლას აგრძელებს მოსკოვის საფეიქრო ინსტიტუტისნსამხატვრო ფაკულტეტზე. ოჯახური პირობების გამო და მოსკოვის ევაკუაციასთან დაკავშირებით მხატვარი იძულებული იყო სწავლა შეეწყვიტა. 1960 წლიდან იწყება ა. ჩხიკვაძის ინტენსიური შემოქმედებითი მოღვაწეობა დეკორატიულ-გამოყენებით ხელოვნებაში. მისი პალიტრა — ბუნებრივი მასალაა, რომელსაც მხატვარი აგროვებდა ყველგან. შეგროვილი მასალა მხატვრის ხელში გარდაიქმნებოდა, ცოცხლდებოდა და აგრძელებდა სიცოცხლეს ბრწყინვალე მინიატურებში.
ა. ჩხიკვაძის ნამუშევრები იქცევდნენ ყურადღებას თავისი განუმეორებელი გამომსახველობით, კომპოზიციის ორიგინალობით, სიუჟეტისა და ჟანრის მრავალფეროვნებით. მხატვარმა ნამუშევრები მიუძღვნა ყოფით თემებს — („გოგონა დოქით“, „უხვი მოსავალი“, „მრთველები“, „ბოლო ჩართვა“, „წყაროსთან“, „იყიდეთ გეთაყვა“ და სხვა); ხელოვნებას, მუსიკას, ცეკვას („მზიური“, „ოქროს სიმები“, „ცეკვა“, „ცეკვა მარაოთი“, „კარმენი“ და სხვა); პორტრეტის ჟანრს („ჯარისკაცის მამა“, ფიროსმანი“, „გურულები“, „კვაზიმოდო“, „მოხუცი კაპიტანი“, „ოცნება“, „არაბი მწერალი“, „მოსე“, „მოლა-ნასრედინი“, „ბატონი — ორი სოკო“ და სხვა).
მხატვარი ა. ჩხიკვაძე სიტემატურად მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საკავშირო სამხატვრო გამოფენებზე. 1967 წელს ქ. თბილისში მოეწყო მხატვრის ნამუშევართა პირველი პერსონალური გამოფენა — „ბუნება და ფანტაზია“. 1973 წელს ბუნების დაცვის სრულიადრუსეთის საზოგადოების მიწვევით ა. ჩხიკვაძემ მონაწილეობა მიიღო გამოფენაში ქ. მოსკოვში. ამავე წელს იქვე მოეწყო მისი ნამუშევრების მეორე პერსონალური გამოფენა. იგი მონაწილეობდა აგრეთვე ბუნების დაცვის სრულაიდრუსეთის საზოგადოების 50 წლისთვისადმი მიძღვნილ გამოფენაში. 1979 წელს მონაწილეობდა ბუნების დაცვის ლენინგრადის ორგანიზაციის მიერ მოწყობილ გამოფენაზე „ბუნება და მხატვარი“. 1980 წელს საქართველოს სსრ მხატვართა კავშირის მიერ მოწყობილ გამოფენაში „მხატვარი და ბუნება“, ექსპონირებული იყო მხატვრის მინიატურებიც.
მხატვარი ა. ჩხიკვაძე არაერთხელ იყო დაჯილდოვებული დიპლომებით, საპატიო სიგელებით, სამახსოვრო სამკერდე ნიშნებითა და ფულადი პრემიებით. გამოცემულია მხატვარ ა. ჩხიკვაძის მინიატურების ფერადი ღია ბარათების 3 ბუკლეტი.
გარდაიცვალა 1988 წლის 5 ოქტომბერს. დაკრძალულია თბილისში კუკიის სასაფლაოზე.
-
ბუკლეტი „ანა ჩხიკვაძე“. pdf
ლიტერატურა
რედაქტირება- გიორგობიანი ლ., „ანა ჩხიკვაძე“, თბილისი, 1996
- გაზ. „თბილისი“ № 230 (9338), 6 ოქტომბერი, 1988