ანა ლეტენსკა, ქალიშვილობის გვარი სვობოდი (სვობოდოვა), მეუღლის გვარი ჩალოუნი (დ. 29 აგვისტო, 1904, ნირჟანი პლზენის მახლობლად — გ. 24 ოქტომბერი, 1942, მაუთჰაუზენი, საკონცენტრაციო ბანაკი) — ჩეხი კინოსა და თეატრის მსახიობი.

ცხოვრება და მოღვაწეობა

რედაქტირება

დაიბადა მსახიობების ოჯახში და იზრდებოდა 5 და-ძმასთან ერთად. მამამისი, ოლდრიხი (1872–1939) მსახიობი და რეჟისორი იყო, დედამისი მარია (1871–1960), — მსახიობი.

 
ვინოჰრადის თეატრი, სადაც ანა ლეტენსკა 1939–1942 წლებში მუშაობდა

პირველი როლი ითამაშა 1919 წელს. მოგვიანებით მუშაობდა ჩესკე–ბუდეოვიცეს (ქალაქი ბუდეოვიცე) ეროვნულ თეატრში. 1925 წელს გაიცნო და ცოლად გაყვა ლუდვიკ ჰრდლიჩეკს, რომელიც „ლეტენსკის“ ფსევდონიმით ცხოვრობდა. 1925 წელს შეეძინა ვაჟი ირჟი, რომელიც მოგვიანებით რეჟისორი გახდა. მუშაობდა კოშიცეს, ოლომოუცისა და ბრატისლავას თეატრებში. ასევე მუშაობდა ჩეხოსლოვაკიის „თავისუფალ თეატრში“ და ჩეხოსლოვაკიის რადიოში. 1939–1942 წლებში მუშაობდა ვინოჰრადის თეატრში („ვინოჰრადსკე დივადლო“), პრაღაში. 1941 წელს განქორწინების შემდეგ კვლავ გათხოვდა და ცოლად წაყვა არქიტექტორ ვლადისლავ ჩალოუნს, რომელიც დააპატიმრეს, რ. ჰეიდრიხზე თავდასხმაში ბრალდებულის მიმალვაში დახმარებისათვის. ამის შემდეგ ანა ლეტენსკა წამოვიდა ვინოჰრადის თეატრიდან (1942 წლის 30 აგვისტოს) და მუშაობა განაგრძო თეატრ „ურანიაში“. გესტაპოს მიერ ნებადართული ჰქონდა ყოველდღიური შეხვედრა მეუღლესთან, პეტხკის ციხეში (პეტხკის სასახლე), სადაც თავად დააპატიმრეს 1942 წლის 3 სექტემბერს. მისი უკანასკნელი ფილმის გადაღების დასრულებამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი. 5 სექტემბერს გადაიყვანეს ტერეზინის საპყრობილეში, ხოლო შემდეგ 24 ოქტომბერს მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც 3 თვის შემდეგ მისი მეუღლეც გააგზავნეს.

1947 წელს ანა ლეტენსკას ბიუსტი დაიდგა ვინოჰრადის თეატრის აივანზე. 1948 წელს მისი სახელი ეწოდა პრაღაში, ვინოჰრადის თეატრთან მდებარე ერთ–ერთ ქუჩას. მოგვიანებით ანა ლეტენსკას შესახებ ნორბერტ ფრიდმა დაწერა მოთხრობა: „ჯალათი არ იცდის“, რომლის მიხედვითაც რეჟისორმა ფრანტიშეკ ფილიპმა 1971 წელს ფილმი გადაიღო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება