ანა დე პისლიო (ფრანგ. Anne de Pisselieu; დ. 1508 — გ. 1580) — ფრანგი არისტოკრატი, ეტამპის ჰერცოგინია. საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ის სამეფო საყვარელი და ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა XVI საუკუნის საფრანგეთის ისტორიაში.

ანა დე პისლიო
წოდებები
ეტამპის ჰერცოგინია
დაიბადა 1508
გარდაიცვალა 1580, (71-72 წლის)
საგვარეულო პისლიოები
მეუღლე(ები) ჟან IV დე ბროსი
მამა გულიემ დე პისლიო, ელის სენიორი
დედა ანა სანგენი
რელიგია კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ანა დე პისლიო დაიბადა 1508 წელს საფრანგეთში. იგი იყო ადგილობრივი დიდებულის, ელის სენიორ გულიემ დე პისლიოსა და მისი მეუღლის, ანა სანგენის ქალიშვილი. დედამისი სხვადასხვა პერიოდში სამეფო კარის სხვადასხვა ქალბატონთან მსახურობდა პირისფარეშად.

 
ანა დე პისლიო

1522 წელს ანა პირველად გამოჩნდა სამეფო კარზე. ამ დროს დედამისი საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ის დედის, დედოფალ ლუიზა სავოიელის პირისფარეში გახდა. სულ მალე იგივე თანამდებობა დაიკავა ანამაც. თავდაპირველად იგი მეფის ყურადღების ცენტრში საერთოდ არ მოხვედრილა. მას შემდეგ, რაც 1525 წელს ფრანსუა ესპანელებმა დაატყვევეს და 1526 წელს მადრიდის ტყვეობიდან დაუბრუნდა საფრანგეთში, ფრანსუამ ანა პირველად შეამჩნია. ამ პერიოდში მისი პირველი ცოლი, დედოფალი კლაუდია დე ვალუა უკვე გარდაცვლილი იყო, ამიტომაც საყვარელი სჭირდებოდა. ამ წელს მან თავისი ძველი საყვარელი, მარგარიტა დე ფუა მიატოვა და ანასთან დაიწყო ურთიერთობა.

სამეფო კარზე ანა აღწერილი იყო როგორც: „მშვენიერი, მახვილგონიერი და დახვეწილი“. ანამ მოახერხა და მეფის სიყვარული მისი სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა. მას შემდეგ, რაც 1530 წელს ფრანსუამ ცოლად ესპანეთისა და საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ის უფროსი და და პორტუგალიის მეფის ქვრივი ელეონორ ავსტრიელი შეირთო, ანა თავის ოფიციალურ სამეფო საყვარლად აღიარა. დედოფალი ელეონორი მის გაძევებას მოითხოვდა, ამიტომაც ანას სამეფო კარზე გასაჩერებლად 1533 წელს ფრანსუამ იგი ეტამპის ჰერცოგ ჟან IV-ს მიათხოვა, თავად ჰერცოგი კი პროვინციაში გაუშვა.

ანა დე პისლიომ მეფეზე დიდი ძალაუფლება მოიპოვა, რომლითაც წლების განმავლობაში სარგებლობდა. იგი სრულიად ღიად უჭერდა მხარს ფრანსუას ვაჟის, დოფინ ანრი დე ვალუას რომანს დიანა დე პუატიესთან. ასევე ტოლერანტულად ექცეოდა ჰუგენოტებსაც, განსხვავებით სხვა ფრანგი კათოლიკეებისაგან.

ანამ თავისი გავლენები კარგად გამოიყენა, ამიტომაც 1533 და 1539 წლებში თავისი ორივე და დააქორწინა მაღალი თანამდებობის პირებზე. 1544 წელს კარლ V-მ ფრანსუას თავისი დის, ანუ დედოფლის ღალატში დასდო ბრალი და ანას მიტოვებისაკენ მოუწოდა, მაგრამ ამაოდ.

1547 წელს ფრანსუა I გარდაიცვალა, ტახტი კი მისმა ვაჟმა ანრი II-მ დაიკავა, ხოლო ანა დე პისლიო ანრის საყვარელმა დიანა დე პუატიემ ჩაანაცვლა. საფრანგეთის დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე, ელეონორ ავსტრიელმა ანრის ანა დე პისლიო სამეფო კარიდან გააძევებინა, იგი მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდა მშობლიურ ესპანეთში. ანა დე პისლიოს დარჩენილ ცხოვრებაზე ცნობები აღარ არსებობს. იგი 1580 წელს, უკვე ანრი III-ის მეფობის პერიოდში გარდაიცვალა, დაახლოებით 71-72 წლის ასაკში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Crawford, Katherine (2010). The Sexual Culture of the French Renaissance. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-76989-1.
  • Knecht, R.J. (1982). Francis I. Cambridge University Press. ISBN 0-521-24344-0.
  • Knecht, R.J. (1994). Renaissance Warrior and Patron: The Reign of Francis I. Cambridge University Press. ISBN 0 521 57885 X.
  • La Fayette, Madame de (1950). Magne, Emile (ed.). La Princesse de Clèves (in French). Librairie E. Droz. ISBN 978-1-77545-492-2.
  • Potter, David (1990). "Marriage and Cruelty among the Protestant Nobility in Sixteenth-Century France: Diane de Barbançon and Jean de Rohan, 1561-7". European History Quarterly. Volume: 20 issue: January 1: 5-38.
  • Potter, David (1993). War and Government in the French Provinces. Cambridge University Press. ISBN 0 521 43189 1.