ამოხფიჟი
ამოხფიჟი (აფხ. Амыҟаԥыжь [ამჷყაფჷჟ] — „ტოტის ყურძენი“[1]), ამოხთვიჟი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო, მთლიანი, ზოგჯერ სუსტად დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარე შეუბუსავია. ყვავილი მდედრობითი სქესისაა, მტევანი — საშუალო ზომის, კონუსური, ზოგჯერ ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის ან თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, მუქი ლურჯი შეფერილობით. სქელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი წვნიანია, წვენი — უფერული, გემო — სასიამოვნო.
ამოხფიჟი ძლიერი ზრდისაა. სრულ სიმწიფედე 180-200 დღეა. მტევნის საშუალო წონა 70-80 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა — 15.3 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17-19%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9.3 გ/ლ-ს.
მიიღება სუფრის წითელი მჭრალი ღვინო და გამოიყენება საკუპაჟე მასალად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 34
სქოლიო
რედაქტირება- ↑ жур. «Абаза», №2 (19), 01 декабря, 2015